სამშობლოს


აღარც უფლის ხელი მფარავს,
არცა დასი წმიდანების.
შორიახლო მივდევ ფარას,
სულში ცეცხლის მინავლებით.
ქიშპი ისევ გულებს ხლეჩავს,
ომით ზეცა გაინავლა.
დედის ლოცვებიღა შემრჩა,
მამა ღმერთთან შუამავლად.
სადაც ყველა, მეც იმ ქალაქს...
დავიღალე ამბოხებით...
ჩემ წილს ჩუმად ვკორტნი ბალახს,
არც რა, ჩქამის ამოღებით.
ჯალათივით მადგას თავზე
ბედი, მძიმე მაუზერით.
ხმას არ ვიღებ, ვდგავარ განზე,
ვლაპარაკობ პაუზებით.
ამ ლექსებით ცას არ ვწვდები,
ვიწვი, სულის ამოსვლამდე.
ტალღასავით ჩავწყნარდები,
ამბოხიდან, ამბოხამდე...
სევდა ისე, რომ არ მინდა,
ჩემ სულშიაც ამოვა ხედ.
წუთისოფლის რომანიდან
ჟამთაბრუნვა ამომახევს.
მთვარე ღრუბლის ჰამაკიდან
მიწას უმზერს გრძნეულებით,
უსასრულოდ ამაყი ვარ,
გვერდით თუკი გეგულები.

2017

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი