დავით გურამიშვილი
დავით გიორგის ძე გურამიშვილი დაიბადა 1705 წელს, საქართველოს ძველი სატახტო ქალაქის მცხეთის მახლობლად, საგურამოს ზემოთ, გორისუბანში, თავად გიორგი გურამიშვილის ოჯახში. პოეტის დედა, მზევინარი კახეთში ცნობილი თავადების, ვახვახიშვილთა ასული სათნო, ნაზი და ღვთისმოსავი ქალი ყოფილა. მე-18 საუკუნის ქართველი ისტორიკოსის ვახუშტი ბაგრატიონის ცნობით, საგურამო განთქმულია „ნაყოფიერი ხილით, ვენახით, მარცვლით… პირუტყვითა, ნადირითა, ფრინველითა, ტყითა, ველითა და მთითა შემკობილი“ საგურამოს უფრო ამაღლებულ ადგილს, რომელსაც გორისუბანს ეძახიან, დღესაც ემჩნევა ძველი ციხე-დარბაზის ნანგრევები. გადმოცემით, ეს ადგილია გურამიშვილების სამყოფელი, რაზეც პირდაპირ მითითებას ჩვენ „დავითიანშიც“ ვპოულობთ: „მე ვიყავ ერთი თავადი მოსახლე გორისუბანსაო“. დავით გურამიშვილმა სიჭაბუკე თავის მამულში, საგურამოში გაატარა. შემდეგ მისი ცხოვრება ტრაგიკულად წარიმართა. ფეოდალური შინააშლილობით დაუძლურებული საქართველო, ირანისა და ოსმალეთის გამუდმებული ცილობის საგანი გახდა. ლეკთა თარეშს ბოლო არ უჩანდა. გურამიშვილის ოჯახი ქსნის ხეობაში, სოფელ ლამისყანაში გაიხიზნა. დაახლოებით 1727-1728 წლებში გურამიშვილი ლეკებმა შეიპყრეს და დაღესტანში, სოფ. ოსოქოლოში ჩაიყვანეს. იგი ტყვეობიდან გაიპარა და თავი შეაფარა თერგის პირას მცხოვრებ რუს ახალმოსახლეებს. 1729 წელს სოლაღ-ასტრახანის გზით ჩავიდა მოსკოვში, სადაც ვახტანგ VI-მ მას ჯაბადარბაშის თანამდებობა უბოძა. ვახტანგის გარშემო შემოკრებილ ქართველობასთან ერთად გურამიშვილი ინტენსიურ კულტურულ საქმიანობას ეწეოდა. ეს წლები მისთვის ნაყოფიერი გამოდგა. ფაქტობრივად აქედან იწყება გურამიშვილის ბიოგრაფია. ვახტანგის გარდაცვალების შემდეგ (1737) სამშობლოში დაბრუნების იმედგაწყვეტილმა ემიგრანტებმა რუსეთის ქვეშევრდომობა მიიღეს. 1738 წელს მათ შექმნეს ქართველ ჰუსართა ასეული, რომელიც შემდეგ პოლკად გადაკეთდა, და მამულები მიიღეს რუსეთის სხვადასხვა პროვინციებში, მეტწილად უკრაინაში. გურამიშვილის ბედი მჭიდროდ დაუკავშირდა უკრაინასა და ქართველ ჰუსართა პოლკს. მან მამული მიიღო სამხრეთ უკრაინაში — მირგოროდსა და ზუბოვკაში. 1738-1760 წლებში მონაწილეობდა ოსმალეთის, შვეციისა და პრუსიის წინააღმდეგ რუსეთის ლაშქრობებში, თავი ისახელა ერთგულებითა და სიმამაცით. პრუსიასთან შვიდწლიან ომში (1756-1763) გურამიშვილი ტყვედ შეუპყრიათ და 1759 დეკემბრამდე მჯდარა მაგდერბურგის ციხეში. 1760 წლისათვის მრავალჭირნახულ და სენთაგან დაუძლურებულ პოეტს პორუჩიკის ჩინით თავი დაუნებებია სამხედრო სამსახურისათვის, თავის ახალგაზრდა მეუღლესთან ტატიანა ვასილის ასულ ავალიშვილთან ერთად საბოლოოდ დამკვიდრდა უკრაინაში და შესდგომია გაპარტახებული სახლ-კარისა და მეურნეობის აღდგენას. როგორც ჩანს, მძიმე პოლიტიკური სიტუაციის გამო სამშობლოში დაბრუნება ვეღარ მოუხერხებია. სიცოცხლის დანარჩენი წლები გურამიშვილმა უკრაინაში გაატარა. აქტიურად მონაწილეობდა უკრაინის ქართული ახალშენის ცხოვრებაში. გურამიშვილი გარდაიცვალა მირგოროდში, დაკრძალულია ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის ეზოში.
მასალის გამოყენებისთვის, დაუკავშირდით ავტორს.
0 კომენტარი (კომენტარები გამორთულია)