ევტროფი თალაკვაძე


ევტროფი ელიზბარის ძე თალაკვაძე (დ. 17 მარტი, 1881, მთისპირი, რუსეთის იმპერია — გ. 14 ნოემბერი, 1964, მახარაძე, საქართველოს სსრ) — ქართველი მსახიობი და რეჟისორი.
დაიბადა ღარიბი გლეხის ოჯახში. იყო მესამე ვაჟი მრავალშვილიან ოჯახში, ჰყავდა 10 ძმა და ერთი და. მისი ძმა, გიორგი და და, ალვასი თალაკვაძეები რევოლუციონერები იყვნენ. ეტროფიმ დაამთავრა სოფლის ორკლასიანი სკოლა 1894 წელს. იმავე წელს მუშაობა დაიწყო ბათუმის როტშილდის ქარხანაში. ამ დროს ბათუმში თავმოყრილი იყო გურიის ახალგაზრდობა, რომელიც რევოლუციურ მუშაობას ეწეოდა. მოქმედებდა დრამატული წრე, სადაც დავით კლდიაშვილი და ნესტორ კალანდარიშვილი მოღვაწეობდნენ. ამ წრეში ჩაერთო თალაკვაძე და 1898 წელს პირველად გამოვიდა სცენაზე კლდიაშვილის ხელმძღვანელობით. შეასრულა ოტია ჯოლიას როლი ვალერიან გუნიას პიესაში „და-ძმა“. ამავე წრეში შეასრულა როლები პატარა კახისა აკაკი წერეთლის „პატარა კახში“ და ფილიპე ბარბაქაძისა კლდიაშვილის „ირინეს ბედნიერებაში“. ბათუმის დრამატულ წრეში შეასრულა 13-მდე მთავარი და ეპიზოდური როლი. 1902 წელს სამუშაოდ გადავიდა ქუთაისში. იქ იყო ნოქართა დრამატული წრის მსახიობი და ხელმძღვანელი 1905 წლამდე. მართავდა წარმოდგენებს მშრომელი კლასისთვის და წესებდა დაბალ ფასს ბილეთებზე, რის გამოც წინააღმდეგობას აწყდებოდა ქალაქის მმართველობისგან, თუმცა მაინც ახერხებდა სპექტაკლების გამართვას. მასზე დიდი გავლენა მოახდინა ლადო მესხიშვილის დასმა, რომელიც ამ დროს ქუთაისში მოღვაწეობდა. მუდმივად ცდილობდა, დასწრებოდა მესხიშვილის სპექტაკლებსა და რეპეტიციებს. ქუთაისში ყოფნისას თალაკვაძემ დადგმა რამდენიმე სპექტაკლი: „მეზობლები“, „ორი მშიერი“, „ოინბაზი“, „ოთხი იმერელი“ და სხვა. 1905 წელს ძმის, გიორგის, მიწვევით გადავიდა ბაქოში. მუშაობა დაიწყო რკინიგზის დეპოს თეატრში, სადც წარმოდგენებს მართავდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებასთან არსებული დრამწრე. ბაქოში დგამდნენ სოციალურად მძაფრ პიესებს „ქოხში“, „არსენა“, „პეპო“ და სხვა. თალაკვაძე ყველა წარმოდგენაში მთავარ როლს ასრულებდა. 1905 წლის რევოლუციის დამარცხების შემდეგ, რეაქციის წლებში, დაიჭირეს, თუმცა რამდენიმე წელიწადში გაათავისუფლეს.
1907 წლიდან მუშაობდა ჭიათურის მუშათა თეატრში. ამ დროს ჭიათურის თეატეს ხელმძღვანელობდა ვასო ურუშაძე. ჭიათურის თეატრში განასახიერა შემდეგი როლები: ხიმშიაშვილი „სამშობლოში“, ასლავსენი „ექიმ შტოკმანში“, არსენა „არსენაში“, გაბრო „ბატონი და ყმაში“, ოპიმი „კაი გრაკხში“, ბაგრატი „ფული და ხარისხში“. 1913 წელს თეატრმა შორაპნის მაზრისს მოტყუებით დადგა ცენზურის მიერ აკრძალული პიესა „წამხდარი სისხლი“, სადაც მთავარი როლი შეასრულა. დაპატიმრებას შალვა დადიანის წყალობით გადაურჩა, მაგრამ იძულებული გახდა ჭიათურა დაეტოვებინა. 1913-1917 წლებში მსახიობად მუშაობდა ბაქოს ქართულ დრამატულ წრეში, სადაც მოღვაწეობდნენ ძმები ახობაძეები, ძმბი მატარაძეები, მიხეილ ქორელი. პარალელურად ხელმძღვანელობდა მუშათა დრამატულ წრეებს ბალახანში და ბალაჯარაში. 1918 წლიდან მუშაობდა ზუბალაშვილის სახალხო თეატრში, სადაც წარმოდგენებს დგამდნენ ნიკო გოცირიძე და ვანო ბარველი. თალაკვაძე იყო ამ თეატრის წამყვანი მსახიობი 1918 წლის განმავლობაში. შეასრულა როლები პიესებში „პატიმარი N21 ჯვრით“ (კოვზირიძე), „კაი გრაკხი“ (კაი გრაკხი), „ქრისტინე“ (დათია), „აღლუმი“ (ექიმი), „მორევი“ (კოტე გრეხილაძე). 1919 წელს მიიწვიეს ავჭალის აუდიტორიის რეჟისორად.[1] აქ დადგა წარმოდგენები „ოთხი იმერელი“, „ქრისტინე“, „არსენა“, „არშინ მალალან“, „აშენდა საქართველო“ და სხვა. ცალკეულ წარმოდგენებში მონაწილეობის მისაღებად იწვევდა ცნობილ ქართველ მსახიობებს. 1921 წელს მართავდა სპექტაკლებს სამხედრო ნაწილებში.
1922 წლიდან გარდაცვალებამდე იყო ოზურგეთის დრამატული თეატრის წამყვანი მსახიობი. მახარაძის თეატრში მან შეასრულა შემდეგი როლები: მანუჩარი „კოლმეურნის ქორწინებაში“, შმაგა „უდანაშაულო დამნაშავენიში“, ყვარყვარე „ყვარყვარე თუთაბერში“, გოჩა „ხევისბერ გოჩაში“. 1950 წელს დააჯილდოვეს საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელით. 1955 წელს მიანიჭეს საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტის წოდება. იმავე წლის 18 დეკემბერს გაიმართა მისი საიუბილეო საღამო მახარაძის თეატრში. 1957 წელს როლის შესრულებისას დაავიწყდა სიტყვა, რის შემდეგაც დატოვა თეატრი
ევტროფი-თალაკვაძე

მასალის გამოყენებისთვის, დაუკავშირდით ავტორს.

0 კომენტარი (კომენტარები გამორთულია)

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი