ანა კალანდაძე


ანა კალანდაძე დაიბადა ოზურგეთის მაზრის სოფელ ხიდისთავში 1924 წლის 15 დეკემბერს გლეხის, პავლე კალანდაძის ოჯახში. საშუალო სკოლა ქუთაისში დაამთავრა 1941 წელს. ლექსების წერა დაიწყო 11 წლის ასაკში. 1941 წელს სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა კავკასიური ენების სპეციალობით 1946 წელს. პირველი ლექსები გამოაქვეყნა იმავე წელს გაზეთ „ლიტერატურა და ხელოვნებასა“ და ჟურნალ „მნათობში“. 1952 წლიდან მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ლექსიკოლოგიის განყოფილებაში უფროსი მეცნიერ თანამშრომლის თანამდებობაზე. ლექსების პირველი კრებული გამოსცა 1953 წელს ანა კალანდაძის შემდგომი პოეტური კრებულები გამოიცა 1958, 1960, 1967, 1976 და სხვ. წლების განმავლობაში მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო ენის მუდმივი კომისიის წევრად, მწერალთა კავშირის გამგეობის პრეზიდიუმისა და ენათმეცნიერების ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს წევრად. საბჭოთა პერიოდში დაჯილდოებული იყო „საპატიო ნიშნის“ ორი ორდენით და ღირსების ორდენით. 1983 წელს მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება. 1985 წელს ციკლისათვის „თავაწეული ქართული დროშები“ მიენიჭა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია. იმავე წელს გახდა გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემიის ლაურეატი.
1993 წელს აირჩიეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსად. 1997 წელს მიენიჭა საქართველოს სახელმწიფო პრემია პუბლიცისტიკის დარგში – თხზულებათა მეორე ტომში შესული პუბლიცისტურ-ესეისტური წერილებისათვის. 2006 წელს მიიღო ლიტერატურული პრემია „საბა“ ლიტერატურაში შეტანილი განსაკუთრებული ღვაწლისთვის. გარდაიცვალა 2008 წლის 11 მარტს, ინსულტის შედეგად. დაკრძალულია მთაწმინდის პანთეონში.
ანა-კალანდაძე

მასალის გამოყენებისთვის, დაუკავშირდით ავტორს.

0 კომენტარი (კომენტარები გამორთულია)

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი