კიბე-ქუჩები


მარქვით, ქარებო -
სახელები უდაბნოთა მტვრით გახელილი,
გაცრეცილ სახლის
კედლებისფრად შემომაფრქვიეთ
ბეთლემის უბნის საიდუმლო კიბე-ქუჩები.

გესმის, მტკვრის გადაღმა უბნების ხმები
სიცხით დამწვარ შუადღეებს რომ ვერ უძლებენ.
საღამოს ნიავს მომლოდინე დროის წრეებით
მოჰქრიან ქედების იქით აღმართული
მყინვარწვერები.

ქვაფენილს შუა დაბუდებული მისნის სიტყვები
რად მეტყველებენ გრძნობის ურჩი წარმოჩინებით.
საუბრებს შორის სიჩუმეში მიმომბინადრეთ -
როგორ გვეტრფიან
ძველი ტფილისის ნანგრევების ალ-მიმცემები.

გახსოვს, რომ ჩაუვლიდნენ მწუხრის ჟამები
ძველ სომხურ ტაძრებს,
როგორ ინდობნენ
გუმბათიდან ჩამოქცევის ნაღველს გავლისას
თავდავიწყების, სიტყვით კარგვის დიდოსტატები.

რაო, გესახა გაშლილი თმები
რუდუნებით როგორ ამკობდნენ
საუკუნის წინანდელი სახლების ბზარებს და
მრგვალი სახის კიდეების მკრთალი დუმილით
რომ ივსებოდა მოკირწყლული მიმოსასვლელი.

იქნებ აიხსნას, როგორ იზარდნენ ნანგრევებს შორის
სიყვითლის ვნებით დამპყრობელი მცენარეები.
როგორ კრიფავდა ნაზი და თან ურცხვი მტევნებით
შეხების სურვილს აყოლილი  კაცის ხელები.
როგორ რჩებოდნენ ქვაფენილზე ქალის გავლისას
პოვნით ნახატი 
ნაფეხურები.

გელანდა, მთვარის წინაშე ნდომაქარგვილი
ოაზისების გზებზე მდგომი ტუჩის შეხება.
როგორ აკრთობდა აბრეშუმით ნაქარგ ძუძუებს
და ძველი ტფილისის მტვრით გაჟღენთილი
ანტიკურობის ყველა მარცვალს რომ გიწურავდა,

ოქროცურვილი მუცლის მიღმა რომ გიყვებოდა
ფურცლებსა და ფურცლებს შორის
თითით ნაწერით.
როგორ არღვევდი შენივე ხელით ასხმულ ყელსაბამს,
მიმოფანტავდი მკერდს და ლავიწს შორის სივრცეში.

გელანდა, ჩრდილი შენს ზემოდან გადმომართული
ხორშაკის ოფლით დანამული
როგორ ემსგავსა მცოცავ მცენარეს,
ემსგავსებოდა მიწისძვრების შემოქმედ ზანზარს -
ბიძგს ჩრდილხატულში, ათასწლეულს თანამზაკვრელი.

მარქვით, ქარებო -
სახელები უდაბნოთა მტვრით გახელილი,
გაცრეცილ სახლის
კედლებისფრად შემომაფრქვიეთ
ბეთლემის უბნის საიდუმლო კიბე-ქუჩები.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი