ატმისფერ კედლებს


როცა ხორშაკი ზაფხული დაფშვნის
ყვითელ,
სპილოსძვლისფერ,
ანდაც - ატმისფერ კედლებს.
შენ მე შემხვდები.
ოღონდ ეს მაშინ,
როცა ხორშაკი ზაფხულები კედლებს დაფშვნიან.

როცა ათასი ფეხის ნაბიჯი გაცვეთს
კიბეებს,
ქუჩებს,
ანდაც ქუჩა-კიბეებს,
მოკირწყლულ ეზოში გაკოცებ.
ოღონდ ეს მაშინ,
როცა მუშმალები იყვავილებენ.

როცა მყინვარწვერები გამოხედავენ
ბეთლემის,
ანჩისხატის,
ანდაც სიონის უბნებს,
მზის ჩასვლასთან შემოგეხვევი.
ოღონდ ეს მაშინ,
როცა ქალაქი დაღლისგან ამოიხვნეშებს.

როცა ქარავანი ხურჯინში ჩაყრის
აბრეშუმს,
ტილოს,
ანდაც ხავერდს,
შენს სამოსს ტუჩებით გავარღვევ.
ოღონდ ეს მაშინ,
როცა ღრუბლები ღამეს გადახურავენ.

როცა რიჟრაჟი ისევ დახატავს
ზედაზნის,
ლისის,
ანდაც მთაწმინდის ქედებს,
მე გაგაღვიძებ.
ოღონდ ეს მაშინ,
როცა შენ თმებდაყრილ ჩემ მკლავებში ჩაგეძინება.

როცა
ხორშაკი ზაფხულები კედლებს დაფშვნიან,
ანდაც მუშმალები იყვავილებენ,
მყინვარწვერები ქალაქის უბნებს გამოხედავენ,
ღრუბლები გადახურავენ ღამეებს,
და შენ კი ჩემ სასთუმალზე ჩაგეძინება,
ჩვენ გავიღიმებთ.
თუნდაც მას მერე,
რაც ასი წელი შეგვისრულდება.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი