ის


ის ხომ მუდმივად წაუგებელ ბრძოლებში გვიწვევს,
ის ხომ მუდმივად თავის სახეს ეკლებში მალავს,
ის ხომ არასდროს უგალობდა "მშობლიურ მიწებს",
ის ხომ არასდროს გვამადლიდა უებარ წამალს.

რატომ განელდა შთაგონების ხანძარი მწველი?
რატომ აღარ სჯობს ის წარსული რეალურ სურათს?
რატომ აღარ ჰგავს იდეალურს მუდმივი მცველი?
და რატომ აღარ იხსენებენ მის წმინდა გუმბათს?

ცისარტყელიდან ახალი მზე მოემართება,
აფრქვევს "სიყვარულს", "არა ომებს", "მუდმივ მშვიდობას"...
და აღარ ათბობს ამ სამყაროს ის შემართება,
თავისუფლების წყურვილი რომ ნიშნავს გიჟობას.

კაცთა სამყარო აღარ ისვრის ვარდისფერ ტალღებს,
ის მხოლოდ კვების ოცნებებში ჩაკარგულია,
სამაგიეროდ ჯოჯოხეთის იმ ვნებებს ბადებს,
სამოთხისათვის რომლებიც რომ დაკარგულია.

და ჰე! მოვიდა! უკვე აქ არის შურისძიების მჭრელი მახვილი,
უკვე აღარ სჭრის აქ შთაგონება და სასაცილოდ მდარე სამხილი,
მოდის ტალღები, წამლეკი ყოვლის, წინაპართაგან თანდაყოლილი,
მათ აღარ ხიბლავთ ძველი მითები, შემრიგებლური ხმით მოყოლილი.

ყველანი აქ ვართ! და აქ არყოფნა დღეს ედარება ღალატს მუხანათს,
თავისუფლებას უმღერის ვინც კი, ყველა მოირგებს დღეს ამ  მუზარადს,
და როგორც ხემ თქვა ცულის ტარებზე, გულდაწყვეტილად მოძმე ახსენა,
მოძმემაც საქმე ქნა არსაქნისი და იგავები ჩვენ გაგვახსენა.

დროა ასეთი, ქურდი და ფლიდი ყველაფერს ცდილობს მოსახიბლავად,
აქეთ სქესების დისკურსში გვიწვევს, იქეთ მსხვეპლებში გვწერს თავისთავად,
აღარ სჩანს სხივი ამ ნიაღვარში და თუ ავყვებით სატანის ბოდვას,
აქ დავმარცხდებით ჩვენს მონაგარში, ვეღარ წარმოვთქვამთ ჩვენს წმინდა ლოცვას.

რწმენა ურყევი თავისუფლების - მხოლოდ ეს ერთი გვაერთიანებს,
მხოლოდ აქა გვაქვს მფარველი ხელი ქრისტიანებს თუ მაჰმადიანებს,
ჩვენი ანდერძი შთამომავლებთან მარტივია და თან ნათელია:
თავისუფლება ადამთ მოდგმისა საკმეველია და სანთელია!

მასალის გამოყენებისთვის, დაუკავშირდით ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი