ქართველი


მოგნიჭებია შენ სიცოცხლე, თან ხარ ქართველი!
ამაოების დიდ ფერხულში ჩაბმულხარ მყარად,
აქ უკვდავება არ არსებობს და… მაინც ელი,
იმედის ჟინი გამოძრავებს მარად და მარად.

საიდან მოგდგამს ეს უნარი ქართველო, როგორ?
განა ცხოვრების ძნელბედობამ ვერ შეგარიგა?
და რატომ არ ცნობ შენს თავს ზემოთ ვიღაცის კონტროლს?
რატომ უყურებ მკაცრ სამყაროს ლაღად ამრიგად?

“მე ქართველი ვარ, ესე იგი მე ვარ მებრძოლი,
ჩემში დუღს სისხლი წინაპრების, მრავალდაღვრილი,
მე ზუსტად ვიცი, როგორია ჩემთვის ეს როლი,
ათასწლეულებს ვყავართ უკვე თავად აღზრდილი.

აღზევდებოდა, იქცეოდა იმპერიები,
ჩნდებოდა ხალხი და უკვალოდ იმარხებოდა,
იყო ენები - აღარ ახსოვთ მათი სიტყვები,
სუსტი ძლიერთან მარცხდებოდა, ნადგურდებოდა.

ჩვენ ვართ ძველები, კაცთა მოდგმის დასაბამიდან,
დიდიც ვიყავით, პატარაც და დახლეჩილები,
მაგრამ იმ მცნებებს, რაც ჩაგვბერა ზენამ თავიდან,
დღემდე მოსულნი კვლავაც უხმოდ ვემორჩილებით:

ეს არის რწმენა ერთობისა უფლის და ერის,
ეს არის ჟინი გამარჯვების, რომელიც მოგვდგამს,
ეს არის რწმენა მომავლისა, რომელიც გველის,
ამას ასწავლის სულ ქართველი საკუთარ მოდგმას.”

მასალის გამოყენებისთვის, დაუკავშირდით ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი