ქართლის დედაო


ქართლის დედაო, შვილნი მოგესწრნენ,
აღარ დაიდგამ შავ თავსაფარველს,
თვალებს, ბედის გზას რომ აყოლებდნენ,
აარიდებენ მზაკვრულ განსაცდელს.

ჰოი, წინაპარნო, ნუღარ იჯავრებთ,
მხოლოდ ილოცეთ მონაგარისთვის,
რადგან ჩვენს ძალას როცა ვიწამებთ
და როცა ვიბრძვით ჩვენი არსისთვის,

როცა გზა გრძელი გამოვლილია,
როცა დაეცნენ გმირები ველად,
როცა მონობა აწ განვლილია,
და როცა ერი მძვინვარედ ღელავს.

ხომ დაიწერა შოთას პოემა,
ხომ გვაღვიძებდა ბარათაშვილი,
დიდმა ილიამ, ჩვენმა მშობელმა
ხომ დაგვისახა გზა მან გათვლილი,

ვაჟა-ფშაველამ ხომ აღგვამაღლა,
გალაკტიონმა ხომ გვიგალობა,
ხომ გვიანდერძეს “მაღლა და მაღლა”,
გადმოაფინეს ჩვენზე წყალობა.

ამიტომ ნუ წუხთ, მამებო ჩვენნო,
აქ ყველაფერი კარგად იქნება,
თქვენის კურთხევით უნდა გაჩვენოთ,
ამ საქართველოს გამობრწყინება.

მასალის გამოყენებისთვის, დაუკავშირდით ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი