პრაღა


ოქროს ქუჩაზე გავიარე დაუგეგმავად,
კარებს გადმოსცდა ბნელი ხანის ლანდი ეული,
შემომიტია, შემომკვნესა, მითხრა რომ თავად
არაფერს მერჩის, რომ აქეთ გზა აქვს ანაზდეული.

მითხრა:  რუდოლფის, ჩეხთა მეფის კურთხევა ჰქონდა,
რომ შეესწავლა ძველთა სიბრძნის კათედრალები,
აღმოეჩინა უკვდავების ქვათა როტონდა,
და დაეთრგუნა ბნელი სული, მასში მალები.

ბღაოდა ლანდი, შესტიროდა ტაძრის გუმბათებს,
და არ ესმოდა ეს ღაღადი არვის აქვეყნად,
მდუმარებაში არ ესმოდათ ეს ხმა სულმნათებს,
არც მე ამოვთქვი ეს სტროფები მისდა საქებრად.

ლანდი გაქრა და დავრჩით მარტო, მე და ტაძარი,
დაღლილ ანჯამებს აჭრიალებს ქარი ეული,
სიჩუმემ მითხრა: იცოდე, რომ ლანდი აქ არი,
ტაძრის ჩუქურთმის მისთვის მღერის ყველა ხვეული.
 
მისთვის ანთია კელაპტარი საკურთხეველზე,
მისთვის იშვება მერკურიდან ფენიქსი ისევ,
მიწიერ სხეულს, გარდამავალს მრავალ ფერებზე,
უკვდავებისკენ აქაური სიცოცხლით იწვევს.

მასალის გამოყენებისთვის, დაუკავშირდით ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი