მელანქოლია


ჩამეხუტები ჩუმ ოცნებაში,
არვის გაანდობ იდუმალ აზრებს,
ჩაგებეჭდები მე გონებაში,
ემოციები ვნებებს კვლავ არევს.

მოგენატრები , გაცურავ ნავით
ყველგან მოძებნი ხატებას ჩემსას
ვერ დამივიწყებ ცოცხალი თავით
ოცნება მოგცემს სიზმარში ერთ შანსს.

მომესალმები ქუჩაში მავალს,
თვალს მომაშტერებ, დამიწყებ მზერას,
მე დაგივიწყე და ვიცნობ მრავალს,
შენი ბრალია, მაბრალებ მე რას?

აგირევს ფიქრებს მოგონებები,
რომ ვსეირნობდით იანვრის ქარში,
ფუჭია შენი მონდომებები,
მარტო შევცურავ მღელვარე ზღვაში,

აღარ მოგიტანს ის ბიჭი იებს,
აღარ ააწყობს შენთვის აკორდებს,
შენს გამო გულს არ შეუშვერს ტყვიებს,
თუნდაც მარავალი მითი აგორდეს.

დაგროვდეს ვნების ალერსში სევდა,
მაისში წვიმად მოვიდეს ცრემლი,
ჩამოიშალოს ოცნების ხედვა,
მოგონებების შენ გახდე მრევლი,

დაიწყოს თოვა მშრალ უდაბნოში,
თოვლივით დადნეს განცდები შენი,
ვერ დავბუნდებით ჩვენ უკან დროში,
დახურულია ოცნების ბჭენი.

იქცეს ყინული ანკარა წყაროდ,
გარდაიცვალოს ბობოქარი ზღვა,
შენ თვით ამურიც კი აღარ გწყალობს,
და ახლა დაგრჩა არჩევანი სხვა?

გადახმა უკვე მარად მწვანე ბზა,
ფერი იცვალა თვით ცისარტყელამ,
აღარც კი გახსოვს პაემანის გზა,
აღარც ღრუბელი გვაქვს ცის სარტყელად.

ჩაიწვა ჩვენი ტრფობის სანთელი,
და იქცა ღამედ ნათელი დილა,
გადნება გრძნობა, როგორც ფანტელი,
ჩვენს ერთად ყოფნას გაარტყი სილა.

გამოიძერწოს ცრემლით ტკივილი,
და დაიქარგოს ოცნება დარდად,
ვნებას გაცლიდეს სულის კივილი,
ვეღარც ჭინჭარი იქცევა ვარდად.

წყენა აქციე ჩამავალ მთვარედ,
ამომავალი მზის სხივი გახდი,
ტკბილი წუთები იხსენე მწარედ,
მე სიმარტოვის სიშორე გავხდი,

გადაიქეცი ჩამქვრალ ვარსკვლავად,
ემოციების ვაკუუმს სდიე,
გამოისახე ჩემს გზაზე კვალად,
ცრემლ ნარევ ღიმილს იმედით სძლიე.

გადაისახე რწმენით პირჯვარი,
და სიყვარული გახადე მუნჯი
მხოლოდ შენს თავზე იყარე ჯავრი,
მელანქოლიის მოუსვი ფუნჯი.

სუიციდური ფიქრები მოსპე,
დეპრესიული მოკალი ქცევა,
შენზე ლექსები მთელს ქალაქს მოვსდე,
მე ადამი ვარ, იქნები ევა?

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი