ჩემს გულში ზიხარ...


გული გაქვსო გასაკერი მითხრა ჩემმა რჩეულმა,
დასაღუპად გამიმეტა ბედისწერამ წყეულმა,
აღარ ვიცი ვის მივმართო სიყვარულით სნეულმა,
ან რამდენი ლექსი უნდა დაიტიოს რვეულმა?

განცდა ჩემი, გაცდა საზღვრებს გულში აღარ ჩერდება,
უშენობით ვიტანჯები ეს ცხოვრება მბეზრდება,
შენს ლოდინში ჩემი გული ნაადრევად ბერდება,
ნუთუ ჩვენი ერთად ყოფნა არაფრით არ ხერხდება?

მე ხომ არ გთხოვ, რომ გიყვარდე და ყოველდღე მხვდებოდე,
დღის ბოლომდე ჩემთან იყო, ღამეც ჩემთან რჩებოდე,
განთიადის დადგომისას ვარსკვლავივით ქრებოდე,
ანდა როგორც ცრემლი ჩემი, ყოველ დილით შრებოდე.

მხოლოდ ერთი რამე მინდა შენი ცქერით ვიხარო,
ჩემი სევდით სავსე გული როგორმე გავიხარო,
თუ ოდესმე კვლავ შემხვდები არ მკითხო შენ ვინ ხარო,
მსურს რომ მუდამ ესე გითხრა: "შენ ჩემს გულში ზიხარო".

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი