*** ვანილისფერი ჰქონდა ცას თითქოს ***


ვანილისფერი ჰქონდა ცას თითქოს,
ავადმყოფური ფანტაზია მაქვს
ჟანგისფერი შეჰპარვია ლითონს
გადავტენი მე ძველ იარაღს.

მწუხარება ჩამოვიდა ციდან,
მე კი ისევ კალიების გუნდი
მომდევს, მომდევს როგორც წვიმა
გავურბივარ და თუკი გადავურჩი

ახლა უკვე სულ სხვა ეტაპია
უნდა ვნახო ბინა საიმედო
იქნება ეს ტატოს მერანია
ანდაც მაინ რიდის აივენჰო

რომ მომყვება ღამის აჩრდილივით
კალიების გუნდთან ერთად მომდევს
საიდუმლო გულის წადილივით
ისე როგორც ზღვას ყოფს ორად მოსე

იმოსება შავით ფასადები
ზიზღისფერი ნისლი დამეწია
მოვიპოვე მე ის გასაღები
რაც ამ ცხრაკლიტულის გამღებია

აქ კედლებსაც ყურები აქვთ იცი
საყვარელო გაიქეცი ჩქარა
თაფლისფერი მანტო შემოიცვი
სიყვარული მოიმარჯვე ფარად

არ არსებობს ნეტარება მეტი
ვიდრე ეულ სულთა კარნავალი
იქნებ ერთი კოცნაც გაიმეტო
მერე კიდევ,კიდევ სხვა მრავალი

იარაღი დავუმიზნე ვერცერთს,
ვერ გავარტყი ეს წყეული ტყვია
კალიებმა ძლიერ გამაცეცხლეს
გარეთ საშინელი ამინდია

გადაიწვა თითქოს დედამიწა
ირგვლივ გადამწვარი ტრამალია
მაგრამ ვერ გავდივარ მე ამ წრიდან
რადგან ჩემი ფრთები დამწვარია

მწუხარება ჩამოვიდა ციდან
მე კი ისევ კალიების გუნდი
მომდევს, მომდევს როგორც წვიმა
გავრბივარ და თითქოს გადავურჩი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი