*** სული გამიხდა აისბერგივით ***


სული გამიხდა აისბერგივით,
შიგ სახლდებიან ესკიმოსები,
გულს დავიწებებ ალისფერ ცვილით
და სევდის ნიღბით შევიმოსები.

მხრებზე მოვისხამ ცისფერ სუდარას,
ცად ავაკვნესებ ბებერ ფლეიტას,
ვაჩუქებ გარეჯს,ზარზმას, უჯარმას
ვისაც ვუყვარვარ და თან ვერ მიტანს.

ცამდე ავზიდავ ოცნების კოშკებს,
კოშკის ქონგურებს მივაბამ ღრუბლებს,
შენს თვალებს ერთი ცრემლიც რომ მოწყდეს
კოშკებთან ერთად ვწვავ ლექსის ფურცლებს.

დავაწყობ მწკრივად დარდის ქარავნებს,
სისხლის მდინარე მომდის გულიდან,
რას ვიფიქრებდი ნაღვლის გალავნებს,
თუ მონატრება გადაუვლიდა.

სული გამიხდა აისბერგივით,
მესიზმრებიან თეთრი კნუტები,
შენ ლამაზი ხარ ატმის ნერგივით,
წახვედი ჩემგან, და არ ბრუნდები...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი