პიესამე
მოქმედნი პირნი: ირუმე - განსხეულებული აჩრდილი, რომელსაც არავინ აქცევს ყურადღებას. დაჩი - ავტორი. ალია - ავტორის და. აშრევანი - საუკეთესო მეგობარი ავტორისა. მერი - მეუღლე აშრევანისა. ჰემო - შეურაცხადი. ანჰურ-შუს ნაპერწკალი. მოქმედება I გასასვლელი გზაჯვარედინზე ირუმე - ჩვენ მოვედით აქ, რათა ვიხილოთ ის, რაც მტკივნეულად ნაცნობია ჩვენთვის. მოვედით, რათა ხელახლა გავიხსენოთ ის, რისი დავიწყებაც ასე გვეწადა. მოვედით, რათა საბოლოოდ გავარკვიოთ ის, რისი ატანაც აღარ შეგვიძლია. სასტუმროს დიდ ვესტიბულში ჰემო და ირუმე დგანან კედელთან, რომელზეც ბეკსინსკის უსახელო ნახატია ჩამოკიდებული. ოთახი მაღალი ჭერით კარგადაა განათებული, მაგრამ შუქი არ არის საკმარისი შიშების გამოსავლენად და მათ გასაქრობად. ჰემო, რომელსაც პერიოდულად ხმები ესმის და მათი ათასგვარით ინტერპრეტაციით არის დაკავებული ოთახის ცენტრში დგას და თავისთვის საუბრობს, არც ჩუმად, არც ხმამაღლა. ლიფტიდან გამოდის ალია, რომლის თავზე იასამნისფერი შარავანდედი დაჰნათის, თუმცა თვითონ ამას ვერ ხედავს. მისი სახე ნელი და მშვიდია, მკრთალი და ამავდროულად ნათელი. მის თვალებში აღბეჭდილია დიდი გამარჯვება საკუთარ სევდაზე. ჰემო - ჩვენ აქ იმისთვის მოვედით, რომ დავინახოთ, რაც ცუდი იყო. ცუდი იყო ჩვენთვის. ის, რაც დავამარცხეთ ან გვინდოდა დაგვემარცხებინა. ალია გვერდით ჩაუვლის, თუმცა გასასვლელ კარებთან შეჩერდება. ის ნელა ტრიალდება და ჰემოს უყურებს. ჰემო ხმას აღარ იღებს, თუმცა ნახატთან მდგომი ირუმე განაგრძობს თავისთვის: ირუმე - მე ჯერ არ მინახავს მტერი, რომელიც დამარცხებულა. მკვდარი მტერი ისეთივე სახიფათოა, როგორც ცოცხალი. ჩემი იარები ჯერაც სისხლმდინარენი არიან. ჰემო - მე მესმის ჩურჩული ჩემს თავში, რომელიც მაფრთხილებს. მაფრთხილებს, რომ მშვიდობა არ არსებობს, რომ მე სისხლის დაღვრა არ ამცდება. ალია ჩაფიქრდება. უეცრად თავს სუსტად იგრძნობს და იქვე დივანზე ჩამოჯდება. ამ დროს შემოდის მისი ძმა, რომელიც ვესტიბულში შემოსვლისთანავე ქურთუკს იხდის. ის მალევე ამჩნევს მის დას და გვერდით უჯდება. დაჩი - რამე კიდევ მოხდა, ალია? ალია - ახალი არაფერი, ძმაო. რაც უკვე თავს გარდამხდა საკმარისია იმისათვის, რომ ცხოვრება სამუდამოდ მომიწამლოს. დაჩი - ალია! იმ დღეს რამდენი ვისაუბრეთ; უკვე მომხდარზე, რასაც ვეღარ შევცვლით დარდს აზრი არ აქვს. ისევ რატომ იტანჯავ თავს? ალია - ეს ჩემი ბრალი არ არის. მე შენი მჯერა, კეთილო ძმაო. შენ ყოველთვის ჩემთან იყავი, როცა მიჭირდა, ან როცა მეეჭვებოდა ლხენა. მაგრამ ხმები მოსვენებას მიკარგავენ. ისინი მოდიან და მახსენებენ მომხდარს. ალიამ იცის, რომ მარტონი არ არიან და ატირებისგან თავს იკავებს, თუმცა ძმას მაინც ეხუტება. ისინი ერთხანს დუმან. ბოლოს დაჩი სთავაზობს გარეთ გავიდნენ, სასეირნოდ, რათა უფრო ღრმად ისაუბრონ. ბულვარში მათი საუბარი მალევე წყდება ნაცნობთა გამოჩენით. აშრევანი მეუღლესთან ერთად ესალმება დაჩის და მის დას. აშრევანი - მივესალმები ჩემს ოჯაზე მლოცველსა და ქომაგს! დაჩი - მივესალმები ჩემს სულიერ ძმასა და კეთილის მოსურნეს! აშრევანი - მე და მერი სულის უკვდავების მოედანზე ვაპირებდით გასვლას, ხომ არ შემოგვიერთდებოდით შენ და შენი და? დაჩი მის დას უყურებს, რომელიც ისეთივე თვინიერია, როგორც წლების წინ. გული მტკივნეულად ეკუმშება და წარმოიდგენს, რომ როგორ დაარწყულებდა იმ გამხმარ, დამსკდარ მიწას, რომელიც ადამიანებმა მიატოვეს. ის უსიტყვოდ უქნევს თავს აშრევანს და ოთხივენი მიდიან მოედანზე. მერი - ალია, უჩვეულოდ ფერმკრთალი ხარ. რაიმე ხომ არ შეგემთხვევია? ალია - მადლობა, მერი. ყველაფერი რიგზეა. აშრევანი - დაჩი, ამბობენ, აქ სულის უკვდავებას მხოლოდ ისინი პოულობენ, ვისაც ჭეშმარიტად სწამთ ამისო. როგორ ფიქრობ, რამდენი იპოვის მას? დაჩი - მხოლოდ ისინი, რომელთაც ადამიანების დანახვა შეუძლიათ. აშრევანი - მე აქ ადამიანებს ვერ ვხედავ. უეცრად ძლიერი ცივი ქარი დაუბერავს. მისი ზუზუნი ირგვლი მყოფთა საუბარს ფარავს. სულის უკვდავების მოედნის ცენტრში სიკვდილის სუნთქვით გაჟღენთილი ანჰურ-შუს ნაპერწკალი ჩნდება. ნაპერწკლები იმატებს და თანდათან სფეროს ფორმას იძენენ, თუმცა ცეცხლად არ ყალიბდებიან. ანჰურ-შუს ნაპერწკალი - ერთი რამ უნდა გესმოდეთ, სანამ თქვენამდე მოვალ... სულის უკვდავება ყოველთვის არ არის სანატრელი. ის ქრება. ალია და მერი შეშინებულები და გაშეშებულები არიან. აშრევანიც დუმს. ირუმე - მალე დადგება ის დღე, რომელიც იწინასწარმეტყველეს და უსიტყვოდ გადმოგვცეს. ჰემო - ჩემს სიტყვებს გაიგებს ის, ვისაც სურს შეიცნოს მომავალი. დაჩი - მომავლის ეშინიათ. აშრევანი - შესაბამისად მას არავინ დახვდება მომზადებული. ალია - რის შესახებ საუბრობდა? სასტუმროში მისმა სიტყვებმა ცუდად იმოქმედეს ჩემზე. დაჩი - ზოგჯერ არ არის საჭირო იცოდე რა დგას უკან, რომ გაიგო რა არის მოსალოდნელი. მოქმედება II პირისპირ შიშთან ალია და დაჩი მდუმარედ სხედან ერთმანეთის პირისპირ. არცერთი ხმას არ იღებს დიდი ხნის განმავლობაში, თუმცა ეს არ უქმნის მათ უხერხულობას. ბოლოს დაჩი მზერას დის თვალებისკენ მიმართავს და იტყვის: დაჩი - ალია, მე ვგრძნობ შენს შიშებს. ალია - როგორ შეგიძლია გრძნობდე იმას, რაც არასდროს განგიცდია. დაჩი - შენ ხარ ჩემი გამოცდილება და ეს სავსებით საკმარისია ახლა. პრობლემა ისაა, რომ ჯერაც არ გადაგიწყვეტია დაემალო მას თუ ებრძოლო. ალია - როგორ შემიძლია მას გავუმკლავდე? ეს არასდროს ყოფილა ჩემი ხვედრი. დაჩი - თუ შენ არ შეხედავ თვალებში, მაშინ ის ყოველთვის შენს ზურგსუკან იქნება ჩასაფრებული. შენ ყოველთვის იგრძნობ მის მწველ მზერას. დაკარგავ მშვიდ ძილს, შენს მშვენიერ სახეს ჩამოშორდება ღიმილი, რომელიც ზოგჯერ ერთადერთია, რაც მაგრძნობინებს, რომ ცოცხალი ვარ. ალია - მე უბრალოდ მინდა დავივიწყო, მეშინია მისი. დაჩი - გაიხსენე ყველაფერი. გაიხსენე როგორ მოხდა ეს, დეტალურად. ალია - ჩემი დატანჯვა გინდა?! დაჩი - ეს ერთადერთია, რასაც ახლა შეუძლია დაგეხმაროს. შენ გაიხსენებ, ხელახლა განიცდი იგივე ტკივილს, იარაც ისევ გაგეხსნება, სამაგიეროდ თუ დაკვირვებული იქნები შენ დაინახავ რატომ გეშინია. მე ვფიქრობ, ამის მიზეზი შენგან დამოუკიდებელია, თუმცა შენი უმანკო სულიც ჩაითრია. ალია, ეს შიში ეჭვად მოგევლინება, მოგიწამლავს სულს და დაგითესს სიძულვილს საკუთარი თავისა და ყველას მიმართ. ისინი უხმოდ უყურებენ ერთმანეთს. თანდათან ალიას მზერა სცდება ოთახს, ქალაქს და სამყაროს მიღმა ჭვრეტს საკუთარ სულს. სახე უშეშდება, თუმცა ცრემლები დინებას იწყებენ გაქვავებულ ნაკვთებზე. ირუმე - უფსკრულში ბუდობს ურჩხული. მისი საცეცები ეპოტინება ჩემს გულს. ჩემი გული სუსტად ფეთქავს. მე წყვდიადით ვარ დაფარული. მე წყვდიადის შვილად მაქცია ჩემმა მშობლებმა ისე, რომ ნათელი არ მიხილავს. ჩემი დაუმსახურებელი სასჯელია განვიცდიდე სხვათა ტანჯვას... მარადიულად. ურჩხული მძვინვარებს. მისთვის მოულოდნელია ზევიდან დაშვებული სხივის მოხვედრა თავის სამეფოში. მის რისხვას საკუთარი უძლურების განცდა ამძაფრებს, თუმცა ერთი რამ მას ამშვიდებს... ამ ლაბირინთბს ის ათასწლეულების წინ ხვეწდა. მართლაც, როგორ უნდა დავამარცხო ის? მოქმედება III ქარი თვლის თავს ეულად დაჩი - ქარი თვლის თავს ეულად. ქარი ყველაფერს ხედავს. ქარმა შეყარა და გაყარა ღრუბლები. ქარმა გააუდაბნოვა მინდვრები და გააცოცხლა ქვიშაზვინულებით სავე არემარე. ქართან არის სიბრძნე, რომელიც მას არ სჭირდება. ანჰურ შუს ნაპერწკალი - მან დაკარგა ფორმა, რადგან ფორმაც მას არ სჭირდება. ის უანგარო და მარტივია. დაჩი - მისი სიმარტივე მიუღწეველია ჩვენთვის. ანჰურ შუს ნაპერწკალი - ამიტომაც მივიღე ფორმა, რომელსაც ქარი არ ღალატობს. დაჩი - განა მე არ ვიყავი, ვითარცა ქარი, რომელიც კრავდა და ფანტავდა, არწყულებდა და სასმელს ართმევდა, განა მე არ ვიყავი უხილავი ძალა, რომლის დანახვა ვერავინ შეძლო, რადგან უარი ვთქვი მიმეღო ფორმა? ანჰურ შუს ნაპერწკალი - ქარი ჩემი ერთგულია. შენ კი ჩემი ნების ხმას არ აყურადებ. დაჩი - ქარია გამგებელი ყოველივეზე. ქარია უფორმო პირველსაწყისი, რომელში ინახება წმინდა სუნთქვა. ირუმე - მაშ, ქარი არ ყოფილა ეული. მოქმედება IV ნაჭუჭი იმ მინდვრებზე, სადაც თავისუფალი ირმები ძოვენ, სადაც ადამიანს არ დაუდგამს ფეხი ცეკვავენ ნიმფები თავიანთ ცეკვას. მათი რიცხვი ყოველ წუთს იცვლება ოთხიდან თორმეტამდე. ირუმე ტირის და მღერის. სხვა ნიმფა ტრიალებს და მისი კაბა ჰაერს კიდევ უფრო თავისუფალს ხდის. მესამე და მეოთხე ნიმფა ხელებაღმართულები შეჰყურებენ მთვარეს, რომელიც უხვად ჰფენს თავის ნათელს მინდორს. ყველა სხვა დანარჩენი ნიმფა, რომელთა რაოდენობა არ არსებობიდან განუსაზღვრელ სიმრავლემდე იცვლება წრეს კრავენ ირუმეს გარშემო. ისინი იღიმიან, ოდნავ წამოხტებიან და ჰერში შეშდებიან იქამდე, სანამ ირუმე თვალს არ დაახამხამებს. შემდეგ ისინი მაღლდებიან ზეცამდე და მათ პირისპირ მყოფ ნიმფათა სათუთ ხელებს კოცნიან. კოცნისთანავე ისინი ქრებიან. მთვარე ეშვება შორეული მთის მწვერვალზე და ნაცრისფერი კვერცხის ფორმას იძენს. ირუმე უფრო მეტი შემართებით განაახლებს მღერას და ნაჭუჭი იბზარება. გამთენიისას მზის პირველი სხივები იხილავენ ახალ ადამიანს. მოქმედება V ალია დაჩი სტუმრადაა აშრევანთან. სახლში მათ გარდა არავინაა. მერი ახალწასულია. აშრევანი დოკუმენტებს აწესრიგებს, თუმცა მოსაწესრიგებელი სინამდვილეში არც არაფერია. მან იცის, რომ დაჩის დრო სჭირდება თავის მოსაკრებად. მისი სახე გულგრილობას გამოხატავს და ცდილობს სინამდვილეში არ იყოს ასეთი. დაჩი ზედმეტად კარგად იცნობს აშრევანს რომ მასნდააკვირდეს, მით უმეტეს ახლა. ბოლოს მასპინძელი კითხულობს: აშრევანი - რა მოხდა? დაჩი - სინაზე, სიწმინდე, თვინიერება აღარ ჩანს. აშრევანი - განა ის ოდესმე შენთან იყო? დაჩი - დაბადებიდან. ის ხომ ჩემი ტყუპისცალია. აშრევანი - ალია? სად შეიძლება წასულიყო? დაჩი - ვშიშობ, რომ არც არის სადმე. ვშიშობ, რომ დამიჯერა. აშრევანი - რა ურჩიე? დაჩი - პირისპირ დარჩენილიყო ძველ შიშთან. ახლა მე ვღელავ, შესაძლოა, მას ვერ გაუმკლავდა. არც მინდა ვიფიქრო, რა შეიძლება ამას მოჰყოლოდა. აშრევანი - რაღაცას ბოლომდე არ ამბობ. დაჩი - ალიას გამარჯვება უფრო სახიფათოც შეიძლება იყოს... არა, არა. არ შემიძლია ახლა საუბარი... მადლობა. წავედი. აშრევანი - სად მიდიხარ? მოიცადე, მეც გამოგყვები. თოვდა. ყველაფერი შენელებული იყო დროის ჩათვლით. დაჩიმ არ იცოდა სად მიდიოდა, თუმცა აშრევანი ერთი ნაბიჯით უკან მიჰყვებოდა დარწმუნებული იყო სულის უკვდავების მოედანზე მივიდოდნენ. იქ არავინ დახვდათ. დაჩი ტიროდა. აშრევანი მთელი მათი მეგობრობის განმავლობაში მეორეჯერ ხედავდა მის ცრემლებს. დაჩი ხომ ყოველთვის იხშობდა მათ. საერთოდ ყველაფერს იხშობდა და ყოველთვის ბოლომდე უთქმელი რჩებოდა. აშრევანი საკუთარ თავს ეკითხებოდა, ნუთუ ასე იმიტომ იქცეოდა, რომ სხვებისთვის მიეცა ბოლომდე გამოხატვის საშუალება? ისინი სასტუმროში მიდიან, სადაც ალია მუშაობს, თუმცა დღეს მისი ცვლა არ არის. ჰემო - ირუმე ტიროდა, მაგრამ თან მღეროდა. ირუმე მეგონა, რომ მე ვიყავი, მაგრამ ახლა ის აქ აღარ ჩნდება ხოლმე და მივხვდი რომ მე ის არ ვარ. ახლა ისევ ის უნდა ვიყო, ვისაც დავინახავ და არა ირუმე, რომელიც ასეთი ღრმაკეთილი იყო, ასეთი სულლამაზი. ჰო, მე არ ვარ ირუმე. სამაგიეროდ მან ნახატი დამიტოვა. ჰემოს არ შეუძლია იტიროს, რადგან ვერავინ იტირებს იმავე მიზეზით, როგორიც ირუმეს ჰქონდა. ჰემო ვეღარ გაიცინებს, რადგან ეს ირუმეს მისთვის არ უსწავლებია. ჰემოს მხოლოდ ნახატთან დგომა შეუძლია და მისი ყურება, როგორც ერთადერთი მატერიალური მოგონების. ჰემოს ტირილი უნდა, მაგრამ თან გრძნობს, რომ სიხარულის მიზეზიც აქვს. მე, ჰემო, დაბნეული ვარ. მე შეურაცხადი ვარ და არ შემიძლია ვიყო, ვინც ვარ. მე შეურაცხადი ვარ და არ შემიძლია ვიყო ირუმე. მე შეურაცხადი ჰემო ვარ და არ შემიძლია ვიყო, ვინც ვარ. დაჩი და აშრევანი არასდროს აქცევდნენ ჰემოს საუბარს ყურადღებას, თუმცა ახლა თავიდან ბოლომდე მოუსმინეს. ნახატიც დიდი ხანია, რაც აქ ეკიდა, მაგრამ რატომ თქვა ჰემომ, თითქოს ის ახალდატოვებული ყოფილიყოს, ფიქრობდა ორივე. ისინი მიუახლოვდნენ ნახატს და რამდენიმე წამში ორივემ შენიშნეს ახალი დეტალი: მთვარით განათებულ მინდვრის ფონზე მაღალ მთაზე გატეხილი ნაცრისფერი კვერცხი იყო. კვერცხის ზევით ჰაერში გაშეშებული ქალი ჩანდა... ალია, რომელსაც ჩამავალი მთვარისა და ამომავალი მზის შუქი ერთდროულად დაჰნათოდა. ჰემო - მე შეურაცხადი ჰემო ვარ და არ შემიძლია ვიყო ირუმე. მე აღარ შემიძლია ვიტირო და ვიცინო. დაჩი დაჩოქილი უყურებდა ნახატს და იცოდა, რომ უკვე აღარც სიცილის და არც ტირილის უფლება არ ჰქონდა. ვესტიბულიდან გამოსვლის წინ ჰემომ თქვა: ჰემო - ირუმემ ჭვრეტა ასწავლა ჰემოს. ჰემო ვეღარ გაიცინებს, მაგრამ იპოვის სიმშვიდეს, რადგან სხვებში ჭვრეტს მას. ირუმეს თავიდან მერის წაყვანა უნდოდა, მაგრამ მერიმ საკუთარი შიშები სხვანაირად დაამარაცხა, რადგან მერიმ იპოვა საყრდენი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი