მონოტონურობის სიმფონია
დიდება მას, რაც დიდებულია. ქება მშვენიერს, რაც არის უცვლელი. ხოტბა მათ, ვინც აღიარა მინიმალიზმი; სადაც ერთსა და იმავეში შეერთდა მრავალი. მე ახლა ჟრუანტელი მივლის, ტანში მცრის. არადა მრავალფეროვნების მანია მხოლოდ მაჩლუნგებდა. დიდება მას, რაც დიდებულია ზედმეტი დასაბუთების გარეშე. ქება მშვენიერს, რაც არის უცვლელი. ის იყო ერთი და იმავე რიცხვში დარჩა. ხოტბა მათ, ვინც აღიარა მინიმალიზმი. ხოტბა მათ, ვინც აღიარა მინიმალიზმი. ჩვენ, ვინც შევიცანით ეს გზა, დაე აღვავლინოთ მონოტონურობის სიმფონია, როგორც გალობა, სანთლის წვა, ნელი დნობა. მრავალ მიზანთა შორის, ფერთა სიუხვე კარგავს ფერს. წელიწადის დროები თანმიმდევრულად და უცვლელად ენაცვლებიან ერთმანეთს. თერთმეტს მოსდევს თორმეტი და იწყება ახალი დღე. სიცოცხლეს მოსდევს სიკვდილი, სიკვდილს სიცოცხლე. არაფერი შეცვლილა. იქნებ დროა, შეეგუოს უძღები გული ცხოვრებისეულ მინიშნებების ურყეობას? გაჩუმდი. გაჩუმდი. გაჩუმდი. მიაყურადე ჩურჩულს, რომელიც გკარნახობს გზას. თოვლი და წაშლილი ჰორიზონტი. უდაბნო და სად არის ჰორიზონტი? გაჩუმდი. გაჩუმდი. გაჩუმდი. გესმის? ხოტბა მათ, ვინც საკუთარ მელოდიას იპოვის, რათა აღვავლინოთ მონოტონურობის სიმფონია. ეს არის ჭეშმარიტი კავშირი ჩვენ შორის. იპოვო ისეთი რამ, რაც ყველას შეუძლია იპოვოს. დამიჯერე, მე ვგრძნობ შენს ღიმილს. არ იფიქრო, რომ ცხოვრებას ვაუფერულებ. რაკი მისი გაფერადებით სიხარული ვერ მიიღე, იქნებ პირიქით გეცადა გეპოვა აზრი? სადაც ერთია ის ერთი უფრო ღრმა არის. მრავალ ნიღაბთა შორის დაუშლელი მე სუფევს. დაე დაიწვას ზედმეტი, რამაც დააბლაგვა გრძნობა და განცდა. დიდება მას, რაც დიდებულია. ქება მშვენიერს, რაც არის უცვლელი. ყველაფერი, რაც ითქვა ჰგავს დუმილს, რომელიც ავსებს. დაე სიტყვები დუმილით ნაკარნახები ყოფილიყოს. დუმილი ის ფესვებია, რომელიც ყოველთვის გვაკლდა. ღმერთი მარტივია. ყველაფერი მარტივია. მაგრამ განა ეს ყველაფერს ახსნადს ხდის? არა. იქნებ ადამიანმა, რომელიც ასე გაშმაგებით ცდილობს შეიცნოს სამყარო, უნდა აცადოს სამყაროს რომ შეიცნოს ადამიანი? ჩემი ღმერთი არ მელაპარაკება, როგორც ადამიანები მესაუბრებიან. ჩემი ღმერთი არ მიჩვენებს მის სახეს, როგორც სხვები. ერთი შეხედვით გეგონება, რომ ის დუმს. იქნებ ის სწორედ რომ ამისკენ მომიწოდებს მეც? იქნებ სწორედ ეს არის ჩვენი საერთო ენა, სადაც შევძლებ მასთან დაკავშირებას? დაე იწვოდეს სანთელი ნელა, რადგან არავინ აჩქარებს დადნობას. დაე მონოტონურობის სიმფონიის არსი გახდეს თითეული ჩვენგანისთვის ნათელი და სასიხარულო. დაე ნაგულისხმები გაიშალოს თქვენს გულებში. დიდება მას, რაც დიდებულია. ქება მშვენიერს, რაც არის უცვლელი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი