წყალს მიჰქონდა აზრი
წყალს მიჰქონდა აზრი, რომელსაც შეეძლო შენი ხსნა. ქარს მოჰქონდა სევდა და მისი თმების სურნელი. ოცნება პეშვით შესვი და ტკბილი გამოდგა, მაგრამ ამაო, ამაო. წყალს მიჰქონდა აზრი, რომელსაც გაეკიდე და სანამ დაეწეოდი დაივიწყე. უდაბნო ღამით გყინავს და დღისით შიგნიდან გწვავს. ქარს მოჰქონდა სევდა, როგორც ნატეხი, რომელიც გაკლდა. ნანგრევებს შორის სულიერი იშვიათად დაიარება. შენ აქ ხარ, შენს ფიქრებს შორის, რომლებმაც დაკარგეს ფერი. შიმშილს შიმშილითვე იძღობ და თითქმის აღარ გახსოვს რომ ხარ. ძახილი - შველას ითხოვენ თუ სთავაზობენ? მაგრამ სამყარომ დიდი ხანია დაკარგა თავი და ვარსკვლავებიც, რომელიც მასში იყო. ახლა ყველა სიტყვა ერთია და სულერთიც. მაინც, რა აზრი გაჰყვა მდინარის დინებას? სევდამ მხოლოდ სევდის შობა იცის. შენ სადღაც აქ იშვი, ამ სიტყვებს შორის. რა ლამაზია ის, რაც აღარ არის. დასანანია, დასანანი. ის აქ არ არის. გიგანტური ნაპრალი ცას სერავს, როგორც ძველად სერავდნენ მტრის ყელს. თუ კი იმ ხეს, ხელები მაღლა რომ აღუპყრია, აყვავება უწერია ოდესმე, მაშინ შენც იპოვი ხსნასა და მხსნელს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი