მე ვგრძნობ, რომ ცოცხალი ვარ


მე ვგრძნობ, რომ ცოცხალი ვარ.
როგორც ქვიშად ქცეული ლოდი.
მე ვგრძნობ, რომ ცოცხალი ვარ.
როგორც ელვადარტყმული მუხა.
მე ვგრძნობ, რომ ცოცხალი ვარ.
ასეთი საჭირო და დავიწყებადი.
მე ვგრძნობ, რომ ცოცხალი ვარ.
ასეთი მშვიდი და ჩამცხრალი.
ცოცხალი, როგორც ტყე, რომელიც იწვის.
ცოცხალი, როგორც ზღვა, რომელიც შრება.
იქნებ, უბრალო ქანდაკებად უნდა მოვლენილიყავი,
სადმე გადაკარგულ მუზემში მოსასვენებლად.
იქნებ დაუწერელი წიგნი ვარ
ვარსებობ ჩანაფიქრში მხოლოდ.
როგორც იქნა დადგა შემოდგომა
და ვხედავ ერთადერთს, რაც ლამაზად კვდება.
მახსოვს, ადამიანებსაც შეეძლოთ ლამაზად კვდომა.
ვაგლახ, დასასრული ჰგონიათ მხოლოდ ჭკნობა.
იქნებ, ამდენი სიცოცხლის მიმღები,
სიკვდილი - ყველაზე ცოცხალია?
იქნებ, ეს ტექსტი, უსახო და უფერული,
როგორც წარმართულ ტაძარზე შერჩენილი ფრესკა,
...გადარჩეს.
მე ვგრძნობ, რომ ცოცხალი ვარ,
როგორც მშვიდი ოკეანე.
ვგრძნობ, რომ ცოცხალი ვარ,
მაგრამ უტყვი, როგორც ცა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი