მთვარის ფირუზისფერი ცეცხლი
მთვარის ფირუზისფერი ცეცხლი უხმოდ, ცივად წვავს არემარეს. ბნელი საბურველი ირხევა წამით, ისმის ფოთოლთა ჩუმი გოდება. ქარი ქრის ძალიან მაღლა, ზემოთ, ქარი ქრის ძალიან დაბლაც, ბალახებში. ზღვის უცვლელი სილურჯე შავდება, ტალღები ბალღამად ეშხეფება ნაპირს. ზვიადი, პირქუში მთები კრთებიან, როგორც ბეღურა შეკრთება ხოლმე. მთვარის ფირუზისფერი ცეცხლი უხმოდ, ცივად წვავს არემარეს, ტკივილით ტკივილისგან გვიხსნის. ამ საღამოს სამყარო შეიცვლება. მგლების ხროვა აღავლენს რიტუალს, რკლალად შეკრულნი, უკანასკნელად კვდებიან. იქნებ არც მომჩვენებია მახვილი, იქნებ არც მომყურებია საყვირი. ცა ცეცხლოვანი ხმლებით ისერება. ყურთასმენა მეხშობა, პირქვე ვემხობი. ჩემს ჩალურჯებულ ხელებს ეფერება, ეფერება სიკვდილის შავი თითები. მისი მშვიდი სუნთქვა მიახლოვდება და ნელა, წყნარად წამიმღერებს: "შენ ვეღარაფერს შეცვლი, ვერ შეცვლი." მთვარეს, რომელიც ფირუზისფრად წვავს, იმ მთვარეს ავხედე ბოლოჯერ და ვიგრძენი, როგორ გაქრა შეგრძნება. სიკვდილის მკლავებში კი მესმის: "მე შეგიმსუბუქებ ტანჯვას, მე შეგიმსუბუქებ ტანჯვას, მე გაგიქრობ წუხილს, დარდს, მე ყოველთვის ვიყავი მეგობარი, მე ყოველთვის ვიცოდი ჩემი დრო. მე შეგიმსუბუქებ ტანჯვას, მე გაგიქრობ წუხილს, დარდს." ორად გახლეჩილი, ტყვე და თავისუფალი, ორ გზად გაყოფილი, ვრჩები და ვბრუნდები. მნათობთა მიღმა ყველგან მზეა. და მეც ოდესმე მზედ ვიქცევი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი