უსარკმელოდ
ფრანგული, ინგლისური თუ ქართული ლიტურგია. თავაღებულბი, თავდადებულნი, ყელმოღერებით სცემენ კერპად ქცეულ, სარკეში დანახულ მამებს თაყვანს. ზურგშექცეულნი დგანან ხატებთან და აღნერთებენ ტელევიზორის გამოსხივებით ჩალპობილ დივანს. ჭიქააწეულთ ავიწყდებათ ყოველი სიტყვა, გარდა პირველის, რომელიც მათთვის უკანასკნელი აღსარების საწყისი ნოტა გახდა. ავიწყდებათ დაწითლებული მუხლების ტკივილის აგონიის ეიფორია და მამაოსთან დამდგარნი, თავის დასახრელად, ზეპირი მოძრაობით ემზადებიან. “მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმინდა იყოს სახელი შენი, წარმოთქმული მორიგი აწეული ჭიქისას, იყოს ნება შენი, რომელიც მომიხმობს ეკლესიის დანახვისას პირჯვრის გადასაწერად, ვითარცა ცათა შინა, ცათა, რომელიც ხატების კუთხეს ვერ სცდება, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, ქვეყანასა, რომელიც საროსკიპოს გზას მაჯაჭვებს, პური ჩვენი არსობისა, მოგვეც ჩვენ და მოგვიტევე….”_ და დახურდავებულ ლოცვას საზღვარი არ ეძლევა, იმეორებენ სამჯერ და პირჯვრის წერაში მკლავებს იღლიან. იწყებენ მეტანიას, სანახევროდ მიგდებულს. ანთებენ სანთელს, ნახევრად ანთებულს. ემთხვევიან ხატებს, უხიფათო დისტანციით. აბარებენ აღსარებას, ხვალინდელი ცოდვის. მამაო ჩვენი, მოგვეც ჩვენ ძალა და მოგვიტევე, ვინაიდან ამ კაცების ლანდს ვხედავთ ყოველ დღე, სარკეში.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი