...არ დაიჯერო
არ დაიჯერო თუ გითხარი "ცოლად მოგიყვან, მთელი ცხოვრება მხოლოდ შენ ერთს შეგაბერდები," არც ის ირწმუნო შენ რაც ქარმა ჩემზე მოგიყვა, ქარივით გიჟი, ქარს ქუჩაში ხინჯად ვედები. რაღაცნაირად მაინც მჯერა დროს დავამარცხებ, ჩემს არსებობას ვერ დაუსვამს წერტილს თარიღი, შენ არ იფიქრო მე არა ვარ ასე მამაცი, უბრალოდ სუნთქვა გულდარდიანს არაფრად მიღირს. ვერ შეგიყვარებს შენ ვერავინ ჩემზე ძლიერად, ჩემზე ლამაზად ვერც სიყვარულს აგიხსნის ვინმე, არავინაა ქვეყნად კარგო ჩემზე ცბიერი და არც არავინ ეტრფის ასე ქარაფის ქიმებს. თუმცა თვალს მაინც გავაყოლებ, შენზე ლამაზებს, დავიმორჩილებ ბნელ ღამეში ლილიტს ვნებიანს, მე მხოლოდ შენთვის წამოვაგებ ამ გულს დანაზე, რადგან შენს მეტი სულს არავინ არ შეხებია. ასე ამაყი მხოლოდ შენი, ერთის წინაშე, მე დავიჩოქებ და მუხლებზე შემოგეხვევი, შენი გულისთვის გავათენებ ღამეს წვიმაში და თავს დავისჯი საკუთარი სხეულის რღვევით. ეჰ ბედნიერი დასასრულის მაინც არა მწამს, არ გინდა არა, ნუ ამყარებ ჩემზე იმედებს, გონარეული მე ერთხელაც შენს გულს გადავწვავ და შენ კი მაინც დასაწყევლად ვერ გამიმეტებ. ჩემი ყველაზე დიდი მტერი ალბათ ფიქრია, ბედი არა მაქვს, ვერ შევირგებ ქედზე შენს მკლავებს, ჩემნაირები მშვენიერო ოჯახს არ ჰქმნიან, ჩემებრ დარდიანს ბნელ ღამეში ძაღლივით ჰკლავენ. დანტე დარდიანი 13/11/2019
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
1 კომენტარი
ჯანდაბა...