ეფემერული გაელვებები


სევდისას მხოლოდ კალამი მშველის,
ამდევნებია ცოდვის ვნებები,
იცი, მე ისე მომწონდა შენი,
ეფემერული გაელვებები.

ეს უჩვეულო მოლოდინები,
ბავშვობაში თუ გამოგვიცდია,
მტკვარივით ვღელავ, მივედინები
და უფრო მეტად ვგავარ ტიციანს,

რადგან არაფრით არ ვაღიარებ,
დროების ჟანგით შეჭმულ მარწუხებს,
კვლავ ვეტანები კლდეებს ფრიალოს
და მხოლოდ მათ თუ ვანდობ ამ წუხილს.

არც შენგან ველი რამის გაგებას,
ცალ-ცალკე ვებრძვით მელანქოლიებს,
ქარს შემოუტევს კვლავ გაშმაგება
და ზღვის ტალღებსაც აიყოლიებს.

უბრალოდ ვიცი, გიცნობდი ადრე,
არც სიგიჟე ხარ, არც მოლანდება,
ვუყურებ თითქოს შორეულ კადრებს
და ვეღარ ვამჩნევ, რომ მიღამდება.

მე იმ დროს ტაძრის მნათე ვიყავი,
შენ ბოშა ქალი დამდნობი ლოდის,
შორით გეტრფოდი, ისე ვით ყვავილს
და როგორც რწმენას გიფრთხილდებოდი.

და როცა უკვე ზარების რეკვით,
ახლოს ვიყავი ფრთოსანთ ჩინამდის,
ღამემ მომისწრო, ძვირფასო, შენ კი,
სადღაც ღრუბლებში გაუჩინარდი...

დანტე დარდიანი     03/08/2023

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

3 კომენტარი
ამხანაგი საბიასიმარტოხელა მოარული11 თვის წინ

❤️❤️

ამხანაგი საბიასიმარტოხელა მოარული11 თვის წინ

ერთ დროს კურსელები ვიყავით,ვწუხვარ რომ ვერ გაგიცანი ახლოს

დანტე დარდიანიისტორიკოსი, ხელოვანი, შეთავსებით ყალთაბანდი 😌🤷‍♂️9 თვის წინ

ჩემს გაცნობას რა უნდა კაცო 😁 მიპოვე ფეისბუკზე

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი