სხვისი ცოდვა
თვალს ვადევნებდი ღამის წყვდიადს ზეცამდე ასულს, ხანდახან მთვარე მომხედავდა ღრუბლის კოფოდან, სხვისი ცოდვისთვის შენს წინაშე ვაგებდი პასუხს, თითქოს ცოდვები საკუთარი არ მეყოფოდა... შენ დაგყვებოდნენ მზის სხივები, როგორც ძიძები, ქარი ბავშვივით ლურჯ კაბაზე გექაჩებოდა, მე მეშინოდა, რომ ოდესმე გავიღვიძებდი, ამოვიდოდი მაგ თვალების უღრმეს ჭებიდან. რას მომისჯიდი, უშენობის წუთზე უარესს, ირონიულად გადამკრავდი ღიმილს უზადოს, მე გავუძელი, მძიმე იყო შენი უარი, თვით ოლიმპიის ღმერთებიც რომ ძვრას ვერ უზამდნენ. როგორც ძველ ბუხარს, ხმელი ჯირკვი რომ შეუკეთეს, მეკიდა ცეცხლი, მიმატებდნენ ტკივილს ქარებიც, მაშინ ვამბობდი, იპოვიდი ჩემზე უკეთესს და მეც უბრალოდ შენი ბედით გავიხარებდი. გიფრთხილდებოდი, ვით წარმართი იმ ტაძარს წმინდას, ცოდვილი სულით ვიცოდი, რომ ვერც დაგიტევდი, წყვდიადი იყო ჩემში მუდამ და წვიმა სცრიდა, მივუყვებოდი ჩემს ბილიკებს უთქმელი სევდით. დამშვიდობება, ეს მინდოდა ბოლო ნაბიჯად, მსუბუქი სიო, შეღამების ცა მოწმენდილი ამ დროს გავიგე შენ სულელმა ვიღაც ნაბიჭვარს, ჩემს ოცნებაზე რომ ფეხები შეაწმენდინე. ამიტო იყო, ასე ბასრი შენი უარიც, ეს უნდობლობის მარწუხები მე რომ მიჭერდა, რადგან ჩემგანაც მოელოდი ალბათ უარესს, გამაიგივე დარდიანი ვიღაც ბიჭებთან. დარდს შევჩიოდი ღამის წყვდიადს ზეცამდე ასულს, ხანდახან მთვარე მომხედავდა ღრუბლის კოფოდან, სხვისი ცოდვისთვის შენს წინაშე ვაგებდი პასუხს, თითქოს ცოდვები საკუთარი არ მეყოფოდა... დანტე დარდიანი 08/07/2024
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი