კაფე ჰეინეკე


ბნელა კაფეში... მზე ქალაქს ტოვებს,
წვიმით ნარეცხი წვეთავს აფიშა,
ხან რა კარგია ეს სიმარტოვე
წყნარი საღამოს სინატიფეში.

სად დარჩა ბრძოლის ქარი და ზარი,
ძველი სამრეკლოს წრფელი ძახილი,
მოყვასის წასვლით წართმევა მხარის,
ზვარაკად მისვლა შეხსნილ მახვილით.

შემოვრჩი ამ სტეპს დაღლილი მგზავრი,
ვით თუნგით შარბათს შაჰინ-შაჰილი
და ვთბები, როგორც ვენახის ზვარი,
ღვინობისთვეში მზისკენ დახრილი.

სად გაქრა თრთვილი მინაზე ბზარით,
ვისხენებ თოვლში ჟღარუნს მარხილის,
ოფიციანტი მიღიმის კრძალვით:
ჩვენებას ცვლით თუ — ძველი სამხილით?..

მღერის ჰიუსტონი... მგონი უკეთ ვარ,
ვკითხულობ მენიუს, ვის სატრფოს წერილს,
მშვიდობით, ძმებო,
მე კვლავ ვუკვეთავ
სისხლით დაცლილი „სისხლიან მერის“.



„ლადყ ანდ ჰამილტონ!“

მიყურებს ტოლჩა არაყი,
მტევნებს ვერ მალავს პერანგი,
ტრედი აფრინდა,
ბარათი
წითელ ღეროზე შევაბი.

თავდაპირველად მიიღეთ
ჩემი გულწრფელი სალამი,
ვერაზე ყანა ბიბინებს,
ვაკეში დაწვეს წალამი.

ზემელი დასცეს სარეცელს,
ფერი უცვალეს მეიდანს,
პატარა ბიჭებს დაეძებს
პომადიანი დეიდა.

მძლე-მონუმენტურ კერპწერას
ბლომად ხახვებში თუშავენ,
ძველ უბანს სუნთქვა ეძნელა:
თქვენ ან სხვას რა დავუშავე.

გაზონზე ძროხა ბალახობს, —
ნოსტალგიაა პოეტის.
სიმფონიური შალახო...
— ბის!
— ბრავო!
ტაში მოედნის...

კარგი დაუდგა თამაში
ნახიშტარსა და
ნატორევს.
ეფენდი ყომარხანაში
ღმერთის კრიშიდან აგორებს.

„ფოსტას“ არავის ამადლის,
ქოსას უღიმის ქოსურად,
მუჭში წკარუნი კამათლის
დუ-შაშზე არი ორსულად.

— რაც ტრფობის
აგცდა შარბათი,
მწვანე მაუდზე მოსულა.

2.
— თენდება... შენი ნაქები
სველი რიჟრაჟი...
შეხედე,
შენ, ისევ დაიკარგები,
თუ... გამოჩნდები დღე-დღეზე...

...იცი, მას აქეთ წლებია,
ამ ტახტზე იწვა ბებია...
პაპას მოჰქონდა სარჩო და
მთელი დღე ღვინის რუმბებთან
იდგა და ღვინით ვაჭრობდა
...ჰო, და... რო გაისტუმრებდა...
როგორც კი გაისტუმრებდა,
ამ ტახტზე ჩემი ბებია,
ხა, ხა, ხა... ჩემი ბებია,
წარმოიდგინე ბებია...
ჰო, და... იცი... ნუ, არ ვიცი...
აი, აქ ცელქობდა ბებია...
მეც იმის სუნთქვას განვიცდი,
და იმის წუთებს ვნებიანს...
...ეს ისე... მოჰყვა ლაპარაკს,
შვილიშვილი და ბებია...
თვითონ მომიყვა,
აბა, რა...
მე კი არ დამსიზმრებია.

და შენ, დაწერე რითმებით,
თუ ღმერთმა არ მომიტევა,
ბებოს ტახტი და მითები,
როგორ შემერგო მზითევად.

3.
„ჰეინეკენში“ ვმღერით და
კავალერისტობს ქვეითიც,
მონატრებია ერისთავს
„გაღმა-გამოღმა ხრეითი...“

მამაპაპურმა დაგვღალა,
მოვიდა სულ სხვა ქეიფი,
ფეხი იტკინა ცანგალამ
ელოუნ დარჩა ბეიბი.

ცანგალა ომში არ წავა,
უყვარს სითბო და ლეიბი,
დედიკო მას ენაცვალა,
გაუჩალიჩებს რეიტინგს.

დაცხრება ბედის მთარსავი,
დადგება ლექსის ამინდი,
ნუგეშს მცემს ნიკალასავით
სოლოლაკური კრამიტი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი