უარის არია
უარის არია, არია უარის, მარაოს ირაო განიშნებს კარისკენ და გერგო ალერსი და ორეუარი და ჯილდოდ შამპანი, რადგანაც გარისკე. ქარების ქოროა ცხოვრების სცენაზე, _ ვინ უსტვენს?.. ქარია თუ ახლოს ქორია, რა შარიშურია აქედან შენამდე, შარია, შურია და შორზე შორია. უარის არია, არია უარის, ვერ ვხედავ მთვარიანს, ვარსკვლავთა ორიონს, მტვერია, ბურია ან იქნებ უარესს მანიშნებს ნარგისთად დაძრული ბორიო. მოდგება რიჟრაჟი, სინათლეს ადედებს... მირაჟი თავშალებს მწვერვალებს არიდებს, რაფაზე მზის სხივი ასრულებს პა-დე-დეს და დგება მლოცველი და უფალს ადიდებს. დროა და სივრცეა... ტროა და ელენი... ევას და ევანგელს მოჰყვება კვალდაკვალ, ფოთლებით მოქსოვა ქარმა გობელენი და მოვდევ უარით ცხოვრებას ქალდაქალ. და სეკუნდანტები დგებიან შორიშორ, შარი სდევს, შური სდევს შლეიფის შარიშურს, _ აშორე ბოროტი, შეაბი გიშერი... აშარის მკლავების სიშიშვლე მიშველის. უარის იარა, იარა უარის... დავუშვებ იარაღს, გოლგოთა თუ არის, თუ ჩემი ჯერია, თუ ჩემი ჯვარია, _ იყოს ნება შენი, მიწყალე, მარიამ. რა სიალალეა, როდესაც ალილო იელვებს საფლავთან, როგორც მზის არილი, _ შენ, ქართლის ხეობის მომხედე ყვავილო, იარას ურიეს უარის მარილი. ...და მას, ვინც არია უარის არიამ, ...და მას, ვინც გაიხსნა გულისპირს იარა, კალთა დააფარე, დედაო მარიამ, შარიან ბილიკზე შაირით იარა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი