ყაზბეგის ქუჩა №14
და იყო სახლი, იყო მაგიდა, იყო თოვლივით ქათქათა სუფრა. და აღარასდროს აღარ წავიდა დღესასწაული მოსული სტუმრად. არ დარჩენილა არავინ უბრად და გამოებნენ მაგიდას თოკით. და იყო დედა _ ქათქათა სუფრა და იყო მამა _ სუფრაზე დოქი. იყო სახელიც... და უსახელოც, როგორც სჩვევია ხალხმრავალ ბაქანს, და იყო დედა _ თეთრი საყელო და იყო მამა _ პერანგზე ლაქა. დგებოდა დილა ღამის ნარჩენით, ისმოდა ლურჯი მონასტრის ზარი, დედა _ გახსნილი ფართოდ ფანჯრები, მამა _ ოთახში ორპირი ქარი. და მერე, როცა ღრუბლიან სამანს მიუახლოვდა სნეული სევდა, კედელზე გაჩნდა ღიმილი _ მამა, ღიმილთან ცვილის სანთელი _ დედა. და იყო სახლი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი