11.03.23
11 მარტის დილა უჩვეულოდ დაიწყო, იმდენად უჩვეულოდ რომ შეგრძნება დამეუფლა თითქოს ახალმა, სულ სხვა ადამიანმა გავიღვიძე. ზოგადად დილის და რეჟიმის ადამიანობა მეთქმის(ის სხვა საქმეა რამდენად გამომდის), მაგრამ დილაობით მაღვიძარა სულ რეკავს ჩემს ტელეფონზე, თანაც არაერთხელ და უმეტესწილად არ ნებდება. • 11 მარტის დილას, სმარტფონის შემაძრწუნებელი მაღვიძარას ხმა, ჩიტების უჩვეულო გალობამ ჩაანაცვლა, ეს არ იყო 29 წლის განმავლობაში არაერთხელ ნასმენი, ამქვეყნიური ჩიტების ხმიანობა, შეგრძნება დამრჩა, თითქოს შემოქმედმა ნება დამრთო მოკვდავთა რეცეპტორებით შემეგრძნო სამოთხის ხმები. ერთი უჩვეულო დეტალიც მინდა ავღნიშნო, გამეღვიძა თუ არა ჩემმა მეგობარმა 2 წუთში ვიდეოზარით დამირეკა, რა თქმა უნდა ვერ ვუპასუხე, მაგრამ აქ ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის და იმის თქმა მინდა, რომ დავრწმუნდი სიზმარში არ ვიყავი. უჩვეულო შიშის გრძნობა მომიტანა “სამოთხის” ხმებმა, იმდენად სუფთა იყო იმ წუთას ჩემი სული და იმდენად გრძნობდა სიმშვიდეს, შიში შეეპარა ეს ყველაფერი წამებში არ დასრულებულიყო. ვიგრძენი წმინდა გულის და მშვიდი სულის გარეშე ჯოჯოხეთი ჩვენში ბუდობს და არსად სხვაგან არ არის. რაც უფრო თენდებოდა მით უფრო შორიდან ისმოდა ჩიტების გალობა, რაც კარგს არაფერს იუწყებოდა. თითქოს გათენებასთან ერთად ჩემს სულშიც იმატებდა ამქვეყნიური ზრახვები და სურვილები რაც პარალელურად მიკარგავდა შინაგან განცხრომას. ნელ-ნელა ვიაზრებდი თუ რატომ გალობენ ჩიტები მაშინ როცა ადამიანების უდიდეს ნაწილს ძინავს…. რაც უფრო შორიდან ჩამესმოდა ჩიტების გალობა მით უფრო მკაფიოდ ისმოდა: inferno, inferno. დილის გალობის სისავსით ტკბობა გავდა ცხოვრების ოცდასამ ელფერს ვინ განასხვავოს რა არის ცოდვა რა დაუმალავს ხალხისთვის ედემს. გათენებასთან ერთად აქა-იქ მორჩენილი ჩიტების გალობაც სხვა გალობა იყო. არ ახალი და ნაცნობი. ის ადამიანიც ისევ მე და შენ ვიყავით, ნაცნობი გრძნობებით და აფორიაქებული სულით. შემოქმედი გენიოსია. ეგ სულ ვიცოდი მაგრამ დღეიდან თითქოს წელში გაიმართნენ და მედიდურად დაძრწოდნენ ჩემს გულში და გონებაში ეგ სიტყვები. რაც არ უნდა პარადოქსული იყოს ნათებას სიბნელე მოაქვს და სიბნელეს ნათება. ადამიანი ზეთიან ჭურჭელს გავს, რაც არ უნდა ბინძური წყალი ჩაასხა, ზეთი ყოველთვის ცალკე დარჩება. ეგრე ვართ ჩვენც, ნებისმიერ ადამიანში არის და არსად წასულა ღვთიური და სუფთა, ზოგან მეტად მიმალულია, ზოგან ნაკლებად, ჩვენი მისია მისი პოვნა და აღმოჩენაა. მხოლოდ მაგ გზით ვეზიარებით სამოთხის ხმიანობას. 11 მარტის დილას ყველანი ოდნავ უკეთესები ვიქნებით.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი