დედა და მამა
პატრიარქის ხსოვნას ამაო შრომით დამირჩა დღენი, წლებს ვამბობ, თორემ, წლები სადღაა, ამ ნაპირიდან იმ ნაპირამდე კაცის ცხოვრება წუთია, ალბათ? ჩრდლი ადგება კრძალვით საფლავებს, დუმილებს იქით, სიჩუმის მიღმა, ეპიტაფიად მოყოლილ ამბებს, ამეტყველებულთ ქვათა მწკრივებად. ეზრახებოდა მიმწუხრის სხივი დამაშვრალ სულთა მიმქრალ სახეებს, წმინდაა მაინც დედ-მამის ხატი, მათ არსებაში გამოვისახე. უმყოფობიდან მეძრა სულისთქმა, ბუნება ღვთისგან ნაწყალობები, პირველმა სუნთქვამ შემომაცილა სამყაროს მრუდე თვალსაწიერში. ამიტომ დამყვა ფიქრი ულევი და მონატრება გარდასულ დღეთა, სივრცე მათ მიერ ხელშენავლები თვალს და ხელს შუა იშლება, ქრება. ვერ ვუერთგულე მსგავსების საზომს, სულმოკლეობამ დამრია ხელი, სულ სხვა გზებს გაჰყვა ჩემი ცხოვრება, სულ სხვა ბილიკებს გადანახეტი. ახლა კი ვდგავარ მე თქვენს წინაშე, შემოძარცვული მაქვს სამოსელი, უმეცრებიდან უკუხმობილი, სასოაღვსილი და მონანული!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი