მთვარის სიზმრები


თ.ლ - ს

ისუნთქე თამარ! ღრმად ჩაისუნთქე,
მთვარის სიზმრების ტკბილი ჰაერი!
სანამ ღვარძლის და შურის სიმწუთხე,
ღელვა და შფოთი მრავალნაირი,

შენს ბავშვურ ღიმილს კვლავ უმტრობს, თამარ
და ეს ზამთარი გააზაფხულე,
რომ ციმციმდეს ვარსკლავის დარად
ბნელ ღამეებში შენი საყურე.

ჩვენ ხომ გავგრძელდით და ისევ იქ ვართ,
კვლავ სიხარულის ცრემლებით ტირი,
რომ არ დამთავრდეს რაც უკვე ითქვა
და დარჩეს ასე - კვლავ გრძელი ტირით

გამოყოფილი დარდისგან თრთოლა,
მე - ხელაწვდილი ნათელ ღამეში,
სახლებზე დიდი და მთების ტოლა
და ყვავილით მეჭიროს ხელში

შენი პატარა ხელი....ისუნთქე
და მაგ სიჩუმით ნურაფერს მკითხავ,
რადგან ქარების ხმა მესმის უკვე.
ისუნთქე ღრმად და ისუნთქე დიდხანს!

რათა აივსოს ამ სიფერადით,
ჩვენი სიზმრები, ფიქრი და გული,
რომ იყო ბაღი, კვლავ ჩემი დარდით
ღელვით და ზრუნვით შემორაგვული

ისუნთქე, რათა გავუძლოთ ყინვებს
და კბილალესილ, გულღრძო ქარბუქებს..
როცა ჩაივლის, კვლავ გაიღიმებ
და თავისუფლად ამოისუნთქებ!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი