შენ რის თქმას ცდილობ, ლურჯო ვარსკვლავო
შენ რის თქმას ცდილობ, ლურჯო ვარსკვლავო, ვის ეძებენ ასე გამწარებით შენი სხივები, ლიანდაგებზე, გუბეებში, ფანჯრის მინებზე... ვის ეძახი, ლურჯი კაშკაშით, ან რა ტკივილით იწვი დღედაღამ, ნუთუ კოსმოსშიც გიკვდებათ დედა? სიზმრის მღვიმეში ჩამოპარული, ან რას მანიშნებ, ან საით მიხმობ. ჩვენს გაზაფხულებს მოაკლდათ მზეები, მინდვრებაც გულში ჩაიხვიეს ბალახები და თეთრ დუმილში გაეხვივნენ, შემოდგომა ყვავის ყრანტალს ამოეფარა, ზამთარმა თოვლი გახიზნა, ღრუბლებიც ჩუმად გაიკრიფნენ უმზეო ციდან, მხოლოდ შენ და ჩვენ, ლურჯო ვარსკვლავო, ორივ მოკვდავნი სხვადასხვაგვარად, ორივეს გვდაგავს მეწამული და თბილი შიში, შიში კი არა, მშვიდი ლოდინი, შენ - გაქრობისა, ჩვენ შეცვალების. მაქაც, როგორც ჩვენ, გაწვალებენ შავი ქარები? შენც გაგირბის სიზმრისკენ გული? ან რა გული გაქვს ასეთი, ამდენ-ათასი წლის სევდას რომ უძლებს, როცა ჩვენ, შემოდგომისგან აღძრული წინათგრძნობებიც ვერ აგვიტანია. შენ კვლავ იქნები, როცა ჩვენ დროის ქარი წაგვხვეტავს და მარადიული შენი სათქმელი, აციმციმდება კვლავ მათ ფანჯრებზე, ლიანდაგებზე, გუბეებში და სიზმრებში, რომელთაც შავი ქარი აწვალებს, სანამ გაზაფხულს მზეები დაუბრუნდება.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი