ოცდამეშვიდე ზამთარი


დარდის ფანჯარა ღია დაგრჩენია
და ზამთარს შემოუთოვია,
გულს რომელიღაც, ვერაფრით
ნაპოვნ ჭუჭრუტანიდან ეპარება
ქარი
და ჩაძირული გემის
სიმღერას მღერის
და ამ სიმღერით გევსება
ტანი, 
და იბერები, 
და ღრუბელს გავხარ,
ოღონდ საწვიმარს, ცუდმახარობელს.
ოთხივე სეზონი,
მარტო ქალაქში კი არა, 
შენი თვალების ორი ფანჯრიდან
შემოდის, ჯერ ფარდებს გადასწევს,
მოგიკითხავს, მოგეფერება - 
და შენც, ხან მწვანდები, ხან ყვითლდები, ხან თეთრდები, 
და უფრო მეტ უფლებებს 
ანიჭებ სიზმრის ავტონომიას, 
იქ კი, წარმოსახულ სიზმარში, 
ბებია დგას ტაშთან,
სარეცხს რეცხავს,
მერე შენს გარეცხილ შარვალს
აწევს ორივე ხელით,
მზეს ააფარებს და გეუბნება - 
ბებია, იმიზა მინდა სიცოცხლე,
შენს გაფითქინებულ შარვალს 
რომ ვუყურო -
და ამ დროს ცხადი მწარედ
ცდილობს, ამ უწყინარი
სიზმრის ავტონომიას წაართვას
მხოლოდ თავისთვის არსებობის უფლება. 
თოვლი კი, თოვლი(დარდის ფანჯარა)
დნება, ვერც დნება, დადნება როდის..
ნოემბერია, მზენი არ ჩანან.
ოცდამეშვიდე ზამთარი მოდის.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი