ჩვენ ორნი


ჩვენ ორნი უკვე სამნი ვართ თამარ!
უკვე სამნი ვართ და სამჯერ დიდი
გახდა ცა, ლურჯი თან იმისთანა,
დროც შეუმჩნევლად, მსუბუქად მიდის.

თითქოს ახლოს ვართ ზეცასთან უკვე,
უკვე სამნი ვართ და არა ორნი!
დააგვირგვინა მან სიჭაბუკე
და აწი აღარც გაქრება მგონი. 

მან, მომავალმა ზეცის მზირალმა
და მზის სხივების გულში შემკრებმა.
ცა ოქროს ცვარით გადაინამა
ან გამიცოცხლდა ბებო ეგება,

იქნებ ბავშვობა დაბრუნდა უკან,
ანდაც პირველად გნახე ისევე.
უკვე სამნი ვართ და უკვე ვცმუკავ
შენც უკვე უფრო ხშირად ისვენებ.

მუცლით ატარებ ცალკე სამყაროს,
ცალკე გზებს, ცალკე გასავლელ ბილიკს,
რათა ცხოვრება გამიახალო,
გააფერადო სუყველა ჩრდილი.

თამარ, ჩვენ ორნი სამნი ვართ უკვე!
უკვე სამნი ვართ და არა ორნი!
დააგვირგვინა მან სიჭაბუკე
და აწი აღარც გაქრება მგონი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი