პატარა კაცო


პატარა კაცო, მუცელში იძვრი
და იძვრის მიწა! იძვრიან მთები!
იძვრის ქვეყანა! ან შენ რა იცი,
მაგ შენი შეძვრით როგორ ვიცვლები.

ჯერ მუცელში ხარ და რბილი კანი,
გმიჯნავს მზისგან და იზრდები ჩუმად.
დედაა შენი მზეც და აკვანიც
და დედის გული გიდევს სასთუმლად.

სანამ მოსწვდება შენს ყურს და მზერას
მდინარის ხმა და ვარსკვლავის სხივი.
სანამ ისწავლის ხელები - წერას,
გული ლოცვას და სისხლი კი - ყივილს. 

სანამ სამყარო მიგითვლის შენც და
გარს შემოგახვევს ცას და ველ-მინდვრებს,
ბაბუის დარგულ გრძელტოტა ხესთან
შენს ნაფეხურებს დაამჩნევ ვიდრე.

სანამ ცხოვრება თავის ავ-კარგით
დაგენახვება და ბრძოლად აღგრძავს.
შეგიყვარდება არ-დასაკარგი -
ცქერა ზეცისა და მისვლა ტაძრად.

სანამ შემოვა შენს გულშიც დარდი
ვერ-დათმობილი მიწის და ხნულის
და თეთრ სიზმრებად გადმოგაბარდნის
ხეხილის ბაღებს შენც გაზაფხული.

შეემატება გული სხვა გულებს,
ღონივრულად და ხალისით მფეთქი.
მუხნარს მუხა და აგურს აგური,
წყარო, მიწიდან ამონახეთქი.

გელის ქვეყანა, გელის და იძვრი
და იძვრის მიწა, იძვრიან მთები! 
იძვრის და იძვრის....ან შენ რა იცი
მაგ შენი შეძვრით როგორ ვიცვლები.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი