ანარეკლი


შავი, პრიალა ტყავის 
ფეხსაცმელი, 
თურმე ცასაც ირეკლავს.
ცის ამ ორ 
პატარა ნაკვეთში
რამდენი გრანდიოზული
ვარსკვლავი ჩაეტეოდა
ღამე რომ იყოს? 
დრო კი მიაბიჯებს,
წამის ნაბიჯებით,
საათთა კილომეტრებით,
მიუყვება ჩვენი ცხოვრების
ქუჩებს, 
რომლებიც ერთმანეთს
კვეთენ,
ხან არც კვეთენ,
ერთდებიან,
შორდებიან.
ზოგი მოკლეა, ზოგი გრძელია,
მოკირწყლულები,
მშვიდები,
ხმაურიანები. 
ჩემი ბათინკების
პრიალა ზედაპირები
კი ცის ორ მონაკვეთს ირეკლავენ,
მე შემიძლია დავჯდე
და ვუყურო, როგორც ორ
ეკრანზე - 
როგორ გადად-გადმოდიან
ღრუბლები,
როგორ ბრწყინავენ ვარსკვლავები,
და როცა ძილში მთვარესავით
ამოვა სიზმარი, 
გადაანათებს მეზობელ ქუჩებს,
უთვალავ ქუჩის უჩვეულო დუმილში
გაისმება უჩინარი ნაბიჯების ხმა
და გული წკრიალა მაღვიძარასავით დარეკავს 
შიშნარევ აღტაცებას,
ცრემლისფერი სინათლე
ყელთან მოგებჯინება 
და შენი ორი ფეხსაცმელი
აირეკლავს რაღაც წითელ ნისლს,
რომლის სიღრმეში
ტივტივებს ცხადის ნაპირი -
გრძელი და მუქი.
იქ, იმ ნაპირზე, 
მზე და ცხოვრება გიცდიან
და ჩვილის სუნთქვა - 
ცაზე ღრუბლის სრიალივით
სველი და გლუვი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი