ზაფხულის წასვლა


მწვანედ ანთია მხოლოდღა ხავსი - 
ზაფხულის წასვლა იგრძნეს ქუჩებმა.
მეწამული მზე გაუდევს მხარზე
მიაქვს მთელი წლით - გამოლურჯება

ნაცრისფერ ცების. ჩამავალი მზის 
ფერფლი აცვივა ქუჩებს და მინდვრებს.
ფერფლი აცვივა გუბეებს, ავზებს,
და ლიანდაგზე ჩამომჯდარ ჩიტებს. 

ფერფლი აცვივა ბაბუის ნაქონ
ქუდს, ჩამოკიდულს კართან, საკიდზე. 
ფერფლი აცვივა დაჟანგულ ვაგონს
და ხავსმოდებულ ბაქანს. ავკინძე

ბავშვობის მომცრო წიგნი და ვხურავ,
ლურჯს და სველყდიანს, წითელფურცლებას. 
მეყოფა - რაც მე ჭინჭარმა მშხუნა.
ამიერიდან დაეფუძნება

რასაც ვიტყვი და რასაც დავწერ და
რასაც ვერ დავწერ - ამ წიგნის ამბებს. 
ვერ მიერთგულა ვერც ერთმა წვეთმა
წვიმისამ, აშრა, სუყველა, დავბერ -

-დიო, ვერ ვიტყვი, შორია კიდევ, 
სადღაც შუაში ვარ, არც მწვადს ვწვავ, და
არც შამფურს. არც წვიმს, არც თოვს და მიტევს
სევდა, რომელიც ასე გამწარდა

ოდესღაც ტკბილი, უპრეტენზიო
რაც მთავარია - ძილში გასახსნელ
წამლად ვარგისი. უკეთესია, 
შევეშვათ წერას ძილზე, ასაკზე,

დაუბრუნელ წლებზე და სხვა მსგავს
ათას წვრილმანზე, რომელიც ახლა
მსხვილმან ამბებად გადიქცა. პასკა,
სველი ქვიშისა - ზღვამ გადატალღა

ის ვარსკვლავებიც ღამემ შეიშრო, 
გულმა კი ცივად, მაგრამ მარტივად
ამიხსნა ის, რომ აღარ მენიშნოს
ღამის ჩურჩული პრეროგატივად

და უფრო მეტად კი პერსპექტივად
მოთეთრო ნისლში მცურავ მომავლის,
ღამე ჩემთვისაც კუნაპეტია
და ჯიხვიც, კლდიდან კლდეზე მხტომარი

მხოლოდ ჯიხვია და კლდე - მხოლოდ კლდე, 
ალბათ მიმიხვდით. მეც მომიწია
მეთქვა - ხეები გახმნენ და მოკვდნენ
განა ოქტომბრის ცეცხლში იწვიან.

განა ზღვას მართლა უხარის შენი
დანახვა, მიქცევ-მოქცევა ქვია
მაგას. არც მზეა ოქროს ნაფშხვენი
ქარებიც განა ბოლოჯერ ქრიან

და არც სიმღერა მთავრდება ბოლო 
ნოტით, არც ლექსი მთავრდება - წყდება,
რათა გაგრძელდეს სხვა დროში, ხოლო
ბავშვობაც, განა გაქრება, კვებავს 

დიახ - კვებავს ჩვენს სიმხნევეს და თან
ხსოვნის თეთრ ცაზე ბრწყინავს მზესავით.
განა ფუჭად დევს, ვით ძველი ბაფთა,
ან დანა, დიდხანს გაულესავი. 

სიტყვებიც, განა მხოლოდ მტვერია,
რომელსაც დროის ქარი გაფანტავს. 
უფრო მყარია - არც მატერია
კლდე ან მსგავსი რამ და არც ქაფად ან

სურნელად რჩება. არამედ იწვის, 
ან უფრო სწორედ - ნაღვერდალია, 
წამცხოვრებაში ნატკეპნი მიწის, 
გავლილი გზების. ანუ ტალია

და თუ კვესიანს შეეხო გულს, უ-
მალ იალებს და არის თბილიც კი.
ანდაც ხავსია - ასე ვთქვათ თუ გსურს
ან ბალახგადავლილი ბილიკი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი