ბურახი


მიკრო-ავტობუსების გრძელი სადგური.
აქ ჩავლისას მახსენდება
ხუმარა რამაზი ბიძია, 
დიდი დარბაზი,
ბავშვობა და ტკბილი ბურახი. 
ბურახის წრუპვასავით
იოლი ცხოვრება, 
იოლი ლექსები,
იოლი სირთულეები,
და კითხვა  - 
ბურახი მათრობელაა?
მერე კი  ჩრდილი, 
რომელიც ჩემი არ იყო (არც ახლა არის),
ტკივილიდან ტკივილამდე გადებული ქარის ხიდები,
საბოლოოო ჯამში - 
ბევრი არაფერი,
ერთი ეგაა, რომ  
გაძნელდა ლექსები,
გართულდა სიიოლეები,
შეიცვალა კითხვები - 
და ახლაც, როცა 
ბურახს ვსვამ ხოლმე, 
ყველა ჯერზე თვალწინ მიდგება
გრძელი, მეწამული სადგური
და ხუმარა რამაზი ბიძია,
მაგრამ კითხვა, 
უკვე სხვა არის - 
მაშინ უკეთესი ხარისხის
ბურახი იყიდებოდა,
თუ ის ინგრედიენტები (ბავშვობა და რამაზი ბიძია)
აღარ იშოვება?

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი