მიდის


მოდის ზაფხული, მოდის
მიდის ზაფხული, მიდის. 
შენდება ხიდი, ბონდი
ინგრევა ბონდი, ხიდი. 

ჩნდება და რჩება კვალი, 
ქრება და ისევ ჩნდება. 
ცას უერთდება კვამლი
და ყველა ცრემლი შრება.

ყველა სიცილი წყდება, 
ყველას ერთი დრო გადის.
და გულიც დაიცლება, 
და მიყუჩდება დარდიც. 

რის გაგებასაც შეძლებ, 
რის დანახვასაც ასწრებ, 
ჯობს, მოუყევი მერცხლებს,
და უფრო მეტ წელს გასძლებს. 

უფრო მეტ ზამთარს გალევს, 
დიდხანს შეინახება,
თუმცა...გაქრება კვალი, 
ეგეც შეილახება. 

მოვა ზამთარი, მოვა, 
მიდის ზაფხული, მიდის. 
„თოვაა, შეხე, თოვა!“
„ცხელა, არ მოდის ბინდი?“.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი