შევეშვათ მეგობარო
ეძღვნება ნუგზარ ზაზანაშვილის ხსოვნას „წავა, წავა, წავა, წავა, წავა, წავა წავა...“ შევეშვათ მეგობარო, არ ღირს ვაჭრობად, დავად. „არა დაიცა....გვპარავს!“ „აბა, მე სულელს ვგავარ?“ შევეშვათ მეგობარო, ჯერ არ გასვლია ყავლი, ვაჭრულ სევდას და ვარამს. „რა ეღირება მსხალი?“ შევეშვათ მეგობარო, ცას ვინ შემატებს ლურჯ ფერს? „რა ღირს?? გაგვძარცვე ბარემ!“ „ეს ხალხი ცოტას უფრენს“ შევეშვათ მეგობარო, სულში ანთია კვარი. გული გვაქვს დასაბარი, გასაღები გვაქვს კარი. კარს იქით ზაფხულია, და უფრო იქით - ქარი. „ეს ვაშლი კახურია?“ „აბა ის ნახე, მრგვალი“ შევეშვათ მეგობარო, ზაფხული მაინც წავა, ზავა ზამთარიც, ფარაც ნახირიც, რემაც. „რავა, უფრო იაფად ნახე?“ „აპა, გასინჯე თვითონ“ „ეს რა ჭაჭაა? რახი?“ „ნაღდი არიო ვითომ“ ათასგვარ ამბით სავსე წავა, თავის გზით წავა, ხან შხამს მოგვაწვდის თასით, ხან გადამრჩენელ წამალს. შევეშვათ მეგობარო, მზე ჩადის, მოდის ბინდი. ჯერ პატრონს ჩაგაბარო, მერე მეც წავალ, მივდი... წავა თავის გზით, თავის დარდებით, მხრებით, ცებით. „კახური არა ფლავი!“ გადაივლიან წლები. შევეშვათ....გამეცინა.. არ ღირს ვაჭრობად, დავად. იცვლება მედიცინა, ჰავაც, წავა და წავა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი