თოვლი


გამოეპარა ამინდ-პროგნოზებს,
ყურებდაცქვეტილ, წითელ რადარებს. 
როგორც მაისში, ბრწყინავს ოქროდ მზე
და გაზაფხულის მშვენიერ დარებრ

გამოანათა. თითქოს ვარსკვლავებს,
დარჩათ თავისი შუქ-ანარეკლი. 
თან მხიარული, თან გულსაკლავი,
ბავშვობის ბოლო დაფნა და ძეგლი. 

გადამათეთრა, თითქოსდა მხრებზე
დაეწყოს ბებოს თეთრი ხელები.
ცას დაემგვანა ქუჩა იმდღესვე 
და ღრუბლებს - გრძელი, თეთრი ხეები.  

გამოიშალა დიდი-პატარა, 
და ამ ღრუბლებში მიდი-მოდიან.
დიდიც პატარა უმალ გამხდარა,
ბოლო არ უჩანს ამ გიჟ ბოდიალს. 

თითქოსდა რაა? ვის გულს აავსებს,
ან ვის ეყოფა ეს მუჭა თოვლი?
მაგრამ, ეგარი, ეგ სილამაზე
სულ ცოტაა და სულ ასე ყოვნის -

და ბოლოს, როცა მოვა, გაგიშლის 
გულს, როგორც თოვლქვეშ დამალულ ყვავილს... 
დაემსგავსება ქუჩა საგიჟეს,
ცხოვრება - მიწას, ახალს და ყამირს. 

გადაგათეთრებს....თითქოსდა მხრებზე
დაეწყოს ბებოს თეთრი ხელები.
ცას დაემგვანა ქუჩა იმდღესვე 
და ღრუბლებს - გრძელი, თეთრი ხეები.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი