ქვიშის მარცვლები


მომცრო საბავშვო სკვერი,
შუაგულ ქალაქში,
სიწყნარით, სიმშვიდით, თითქმის ჰარმოონით,
ღამით და ნათურების რბილი შუქით,
მოჟრიამულე ბავშვებით, მომღიმარი მშობლებით. 
აქ და ამწამს, სამყაროს ამ პატარა ნაგლეჯზე მაინც 
ხომ არის სიმშვიდე,
თუგინდაც ბავშვების ხათრით თუ ბავშვების
გამო, 
თუგინდაც მხოლოდ ამ წამს,
რაგინდარა მიზეზით,
ანდაც რაიმე განსაკუთრებული მიზეზის გარეშე. 


-------------

მაინც რა შეუძლია სიტყვას? 
ამ ველს დაიტევს?
ამ ცას ჩაიტევს? 
ან როგორ მოვრგიხო ისე ეს გზები,
ეს ტკივილები, 
რომ სიტყვაში ჩავტიო,
როგორ დავკუჭო, როგორ დავაქუცმაცო
ან სად წავიღო ამდენი ვარსკვლავი,
თვალებმა რომ შეისრუტეს და
შეივსეს ცრემლის მარაგები. 
ია, მზე, კაცი, ბავშვობა..
მაგრამ მაინც რჩება რაღაცა, 
რასაც ვერ გამოთქვამ 
და ბოლომდე უნდა ატარო, როგორც
ჭრილობა, სხვებმაც რომ იციან,
მაგრამ მარტო შენ რომ გაწუხებს. 
--------------
რამდენი რამ არის დასავიწყებელი, 
რამდენი რამ არის გასახსენებელი,
რამდენი რამეა სანახავი, 
უნახავი, განცდილი, განუცდელი,
რამდენი რამ არის
რამდენი რამ არის..
მე იმას ვდარდობ, 
დედას წნევა აქვს,
საყიდელი მაქვს ტყავის ქამარი,
ბავშვობა მიდის,
და ვერც წავიდა, 
საყიდელი მაქვს ტყავის ქამარი, 
და წვრილმანებშიც მაინც არ მტოვებს,
ცები, მთავარი, გზები, მთავარი. 

--------------

ამ გადამხმარ,
დახრუკულ ველში,
ტაძრის ღია კარებიდან რომ მოჩანს,
არის რაღაც მარადიული. 

--------------

როცა გგონია, რომ ვეღარასდროს 
ვერაფერს ვეღარ დაწერ, მაშინ მოდის ლექსი. 

--------------

მე არც გუბე ვარ, ლურჯი ზეცა რომ ავირეკლო
და არც ქარი ვარ, იქით ვქროდე, საითაც მსურის.

სიკვდილ-სიცოცხლის სამანია ეს გაზაფხული, 
მწველი ხალისი, მწველი იმედები, 
მოუთმენლობა და გრილი წვიმა.

სიკვდილ-სიცოცხლის სამანია
ცის ბოლოს თეთრი ღრუბელი.

სიკვდილ-სიცოცხლის სამანია ყველა ლექსი,
მაგრამ, თუკი სამანს გადააბიჯებ - 
გუბესავით აირეკლავ ზეცას,
მაგრამ ლურჯი ანარეკლი თვალით არ ინახება - 
და საერთოდ - არ ინახება. 

--------------

რა სწრაფად ემშვიდობები,  
რასაც ნელ-ნელა კარგავდი.

--------------

ჩემი სკოლის გზა - 
სამსახურის გზაა,
შვილის სკოლის გზაა, 
ძველი მოგონებების გზაა,
შვილიშვილის სკოლის გზაა, 
სასაფლაოსკენ გზაა.

------------------

ლექსის საწერად კაცს დიდების სურვილი აღძრავს,
ზოგჯერ ტკივილიც,
მაგრამ არც ერთი არ არის მარადიული.

მარადიული რაც არის, იმას დუმილით ეხები. 
აბა ლექსი რიღასთვისაა?

რაც უფრო მისდევ, უფრო გაგირბის
როცა ვერ იცლი, ახლოს მოდის, იქვე ჩამოჯდება
აგერ ვარ, დამიჭირეო, შეუტრიალდები და თვალს ვეღარ მიაწვდენ. 

აბა რიღასთვისაა საჭირო? 
ან რას იტყვიან ტყეები ლექსის ხმით იმაზე მეტს, რასაც ამბობენ
და უფრო მეტად - რასაც ვერ ამბობენ. 

მით უფრო, რომ არც ტყეა მარადიული
და ლექსიც ქვეყნიერების აღსასრულამდე იწერება. 

ისიც, თუ დაიჭირე. 

--------------

არაფერი კაცს არ ეკუთვნის,
არც სიცოცხლე,
არც სიკვდილი, 
არც მომავალი
და მით უფრო არც წარსული. 

მიდის და ფიქრის ჯოხს მიარაკუნებს,
ზაფხულგადავლილ სახლების სახურავებზე, 
ბოძიდან ბოძზე, 
მინდვრებში..
ხანდახან ჭიგოსავით აიწვდენს,
რომ თითო-ოროლა ვარსვკლავი მაინც ჩამობერტყოს,
ეგღა დარჩენია გემოგაუსინჯავი.

სადაც არ უნდა იყო 
და რაც არ უნდა გიჭირდ-გილხინდეს,
ამოსუნთქვისას,
ისევ დაღლამდე,
მაინც მოგაკითხავს ფიქრი
და არაკუნდება. 

კაცი ვარდივით უნდა დაჭკნე,
ნელ-ნელა, ლამაზად და დასანანად,
განა ერთბაშად დაკარგო თავი
და ჩაბარდე ხელის ჩაქნევას
და სულაც ჯობს,
მხნეობა მოიკრიბო,
აღარც ვარსკვლავებს გადაემდურო, 
და კვლავ შემართებით მისდიო
ფერად აჩრდილებს,
წამის გართობაც ხომ საქმეა. 


--------------

ღამით უფრო ისმის ჩქამი,
წკარუნისაც, ამოსუნთქვის, 
ცაზე მთვარის სრიალის.

ვარსკვლავების ნაღვერდალში 
გამომწვარი ფიქრები
წითლად ანათებენ თვალებიდან. 

წითელია ეს ღამე,
წითელია დრო, 
წითელი და ოდნავ მეწამული, 
ოღონდ ამომავალი მზის ფერისაა
თუ ჩამავალის - მაგას ვერ გაიგებ. 

--------------

და მაინც,
ადამიანი სულ მიზეზს ეძებს -
რატომ სიცოცხლე,
რატომ სიკვდილი,
ან რად სიხარულის მერე მწუხარება,
ან რად დაჭკნობა და
ან რად აყვავება,
როდის დაცემა
და როდის ამაღლება,
ხანაც მოწყენა
და ხანაც თავაღება, 
გულის გადაშლა
და ზოგჯერ გალაღებაც, 
ღამის სიჩუმე
და ძაღლის არაყეფა, 
ან სად მივდივართ
და ან რას მანახება,
დარდი ქვავდება და
განა ნელა ლღვება,
დროის ვაგონივით
ჩარახრახრახება, 
გულზე ბალახებად
ამობალახება. 


--------------

ლექსი ყოველთვის ყოფნა-არყოფნის მიჯნაზეა, 
როგორც ხის კენწერო - თან მიწაზე და თან ცაში.
არც ადგილი აქვს და არც ბუდე, 
ჰაერში არი, ციაგივით, ათინათივით,
რომ ვერც შეეხები, ვერც ბოლომდე მოიხელთებ და ვერც მთლად უარყოფ. 

აწმყო კიდე, ბექობივით არ არის, შემოდგე, 
მიმოიხედო, რამეზე მზერა შეაჩერო...
მაშინვე ქვიშას გამოგაცლის ფეხქვეშ
და მიგაქანებს.

ადამიანს უჭირს წერტილის დასმა, 
განა რამე, 
უჭირს დასრულება,
დაწყება თავისითაა. 
უჭირს შეგუება,
ადამიანს უჭირს...

ან რითი ვიწყებთ,
ან რით ვასრულებთ?..
ცრემლის მდინარეს სათავე არ აქვს...
დრო ფასსაც ძენს და აუფასურებს, 
და ყველა ტკივილს მიუჩენს ალაგს...
და როგორც კედელს სანთლის ნაღვენთი
ეს შემოდგომა დააჩნდა ქალაქს...


..........................................

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი