შენ ხარ ვარსკლავის ობოლი სხივი
თ.ლ. - ს შენ ხარ ვარსკლავის ობოლი სხივი ცის კიდეებზე მოხეტიალე, სიმარტოვით და ბინდით დაღლილი ღამის მუქ ცაზე ობლად ციალებ შენ ხარ ვარსკლავის ობოლი სხივი და ვარსკლავური გახლავს ნათელი, შორი ცებიდან ჩამოვერცხლილი სიობლის დარდის ვერ-გამფანტველი შენ დაიღალე და ვეღარ თბები ღამის წყვდიადში დიდხანს იარე და სანამ მიწას დაენათები მთვარეს სიობლის დარდს უზიარებ გაკრთობს დილის მზის აჩახჩახება და ღამის ცვარზე ციალებ ჩუმად, არ შეგიფარეს ზეცის თაღებმა ცივი წყვდიადით გადარაზულმა გაშინებს ღამის ბნელი ქუჩები გწვავს მეწამული სინათლე დილის, ქვეყნიურ შფოთს და ხმაურს უჩვევი მიუსაფრობის სიმწარეს ტირი დილის ღრუბლებიც ნელა ტირიან სველი სიწითლით უბეს გივსებენ და ოქროს წყალში განბანილია შენი ცრემლების მკრთალი სისველე ჯერ კიდევ ლურჯად დაბინდულ ცაზე ღამის ცრემლივით ჩუმად ციმციმებ, გაშინებს ქარი და შხამით სავსე ამქვეყნიური დარდის სიმძიმე შენ ჩემს სარკმელში შემოანათე გაფანტე სევდის მწარე ნისლები, შენს მეწამულ შუქს დიდხანს მალავდნენ და ჩუმად კრთოდნენ ჩემი სიზმრები შენ ყოველ დილით ქრები და ისევ მოდიხარ ღამის ბინდბუნდთან ერთად, და ყოველღამე ვდგავარ და გიმზერ როგორ ციმციმებ ღია სარკმელთან იღება გულის ყველა კარები და როცა ასე ახლოს ხარ უკვე, მზის მეწამული, მწველი ალები შემოგენთება წითელ სიმუქედ და იკარგები ელვარე შუქში თეთრი სინათლე ცას გადასარკავს. ცა ხდება ცივი, ზამთრული, შუშის... და გულს წუხილი ეკლებად აკრავს შორი ცებიდან ჩამოვერცხლილი სადღაც შორეთში ჩუმად ციალებ. შენ ხარ ვარსკლავის ობოლი სხივი ცის კიდეებზე მოხეტიალე.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი