სათქმელი
"დღეს მაინც ვეტყვი" - ვფიქრობ და ვაგრძელებ საქმეს. ქუჩები თავისით გრძელდებიან, საღამოობით, როცა სახლისკენ მოვდივარ. გრძელდებიან ქუჩები და იწელებიან, როგორც სკოლაში გაკვეთილები, ჩემიდან შენამდე გაბმული ქუჩები, ისე იწელებიან რომ ზოგჯერ მეშინია არ გაწყდნენ და ამ მაინც უცხო მშობლიურ ქალაქში არ დამეკარგო. "სახლში რომ მივალ ვეტყვი.. აი ახლა, შევხედავ და ვეტყვი" ვფიქრობ და გეკითხები - დღეს დაიღალე? ხვალაც გვიანობამდე გიწევს დარჩენა? და პირზე მომდგარ სათქმელს გულში ვიბრუნებ, მეათასეჯერ. "აი ეხლა, უკეთეს დროს ვერც ინატრებ! ზის და გიყურებს, პატარა ბავშვის თვალებით, უფროსი ძმის ძმაკაცი რომ შეყვარებია და ბავშვური ოცნებით განათებული თვალებით რომ შესცქერის - უთხარი, მოერიე შენს თავს " და გეუბნები - ხვალ საღამოს გავისეირნოთ თუ ადრე მოვრჩით სამსახურებს. შენ გაიღიმებ და წამოდგები, ჭურჭლის დასარეცხად წახვალ. ნაღვლიან და მწარე მზერას გაყოლებ. "ვერა, ვერ ვამბობ". ბავშვობის მთების და დიდი მინდვრების ყველა სიჩუმეს ჩემში დაუდია ბინა და მე ამ სიჩუმის ველზე მოვდივარ ჯერ კიდევ, ეს სიჩუმეა ჩემი და შენი გულით საუბრის მიზეზიცა და გამართლებაც. რამდენჯერმე ჩავისუნთქავ, ამოვისუნთქავ, თითქოს კულისებიდან სცენაზე გამოვდიოდე სიტყვის სათქმელად - შემოვალ ოთახში. შენ ჩემსკენ ზურგით დგახარ და ტანსაცმელებს ალაგებ უჯრებში. გიყურებ თმებზე, ნელა გიალოხვდები, თან ტუჩებს ვამოძრავებ და თან ვფიქრობ როგორ გეტყვი, ვალაგებ აზრებს. შენ ჩემსკენ შემობრუნდები "აი მომენტიც!" და გეუბნები - მალე დავწვეთ, ხვალაც ადრე უნდა ადგე, ცოდო ხარ. და ოთახის თბილ სიმშვიდეში როცა ლამის გადამივლის სათქმელი, როცა დაცხრება წარმოსახვა და აღარ გეძებ კოშმარებში გამწარებული და შეშლილი სახით და აღარ სვამს გული კითხვას - "თვითონაც ასე"? დაძინებამდე რამდენიმე წუთით ადრე, შენს თვალებში ბოლოჯერ ჩახედვისას, ისე ძალდაუტანებლად და უწვალებლად, ისე უბრალოდ და თავისთავად შენი თვალები ჩემს სათქმელს ამოანათებს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი