ნაკვალევი
1. ტირიფის ხის ქვეშ თამაშობს ბავშვი ხმაურობს სველი ხრეში და სილა ვეებერთელა ღრუბლების ჩრდილი უახლოვდება წითელ სახლს ფრთხილად და აი, უკვე დაფარა ეზო და როგორც ზამთრის ყრუ წინათგრძნობა ტირიფს მოსწყდება ფოთოლი წვრილი მაგრამ არა წყვეტს ბავშვი ანცობას და ვერ გრძნობს, როგორ შავდება მწვანე ბალახი, დარბის სიცილ-კისკისით ეზოს წაერთვა ფერი და ხეთა შრიალი შიშის ხმასავით ისმის მაგრამ გამოჩნდა სინათლე, მოდის ღობე, ტირიფი, სახლი და სახლთან დადგმული გრძელი სკამი და ბუჩქი ნელ-ნელა ისევ გადაანათა ბავშვი კი დარბის, თამაშობს, ანცობს ხმაურობს სველი ხრეში და სილა ვეებერთელა ღრუბლების ჩრდილი ველზეღა მოჩანს, მქრქალად და წვრილად. 2. ვერ დააჩნდები მიწას ცეცხლივით და ვერც ღრუბლები დაიტოვებენ ამ ათინათის ჩუმ სიმარტოვეს... სხვას იდარდებენ წლები, ტოლები და მაინც, უნდა რომ მის ნაკვალევს ხედავდნენ დიდხანს, ასეა კაცი და მისი სახე, ფიქრი თუ სიტყვა ახსოვდეს ვინმეს და გულის ნაწილს უტოვებს ხეებს, მინდვრებს და ზეცას უტოვებს მაგრამ თან ვერ ელევა სიხარულების ხარბად ჩასუნთქვას და ტკივილებად ამომღერებას ხოლო ქვეყანას, დროის კვალდაკვალ ეცვლება სახე, ფერი და ნირი ოდითგანმდელი ვარსკლავის შუქზე ვიღაცა თავის სიყვარულს ტირის და კვლავ იცვლება რაც იცვლებოდა უცვალებელი რჩება უცვლელი. ჩვენს დავიწყებულ დარდებს და ტკივილს დაუყვედრებლად ზიდავს ფურცელი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი