ანდრია


ანდრო ბიჭო ანდრია
ლეკვის ყოლა ადრეა,
ჯერ სიარულს ისწავლი
და ნადირობაც მანდვეა,
სანადირო ველები
ქართლის მინდვრებამდეა,
ნადირთ დევნა კვალდაკვალ
ქანცის გალევამდია,
ძმაბიჭებთან ქეიფი,
სმა გათენებამდია,
ღვთის დიდება წინაპრის
ხსოვნის დალევამდია, 
ჩუმად გამიჯნურება
გულის დაბნედვამდია,
ვარსკვლავთ ამობრწყინება
მთვარის ამოსვლამდია,
მათი ცქერა ჩიტების
აჭიკჭიკებამდია,
დილის ბინდში მზის პირველ
სხივის შემოჭრამდია, 
მალვა-ღელვა, წვალება
გულის გადაშლამდია,
ცუღლუტის ჩაღიმება
დრო გამოტყდომამდია,
ხემსის უნახველობა
პასუხმიღებამდია,
სიმამრთან გაჯიბრება,
სმაში ჯვრისწერამდია,
გზებზე სუფრის გადაშლა,
მოლხენა დილამდია.
ვარდამდე გასაკაფი
ხშირი ეკალ-ბარდია, 
უნდო და წარმავალი
წუთისოფლის ბანდია,
ცა-ფირუზ-ხმელეთ-ზურმუხტ
სამშობლოზე დარდია,
ღვთის რწმენა, ვაჟკაცობა
შენც რომ ვალად დაგდვია,
სიხარული და დარდი
ძმები როა ანდრია!
მაგრამ ამის გაგება
შენთვის ცოტა ადრეა,
პირველმა გაზაფხულმა
მოგაგება ვარდია,
მზე გიცინის, ლურჯ ცაზე
ცეცხლივით რომ ანთია,
ლეკვი გაგეთამაშა, 
ონავარი, მარდია...
მაგრამ ბიჭო ანდრია,
ლეკვის ყოლა ადრეა,
ჯერ სიარულს ისწავლი 
და ნადირობაც მანდვეა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი