საუბრიდან
მოკირწყლულ ქუჩებში ვერსად შეხვდები, მოედნებზე და კაფე-ბარებშიც იშვიათად თუ წააწყდები სადმე, ბაზრობებზე აღარაფერს ვამბობ... ვერც ინტერნეტით გამოიწერ. ყალბი არავინ შემოგაპაროს. ისე, ძველი გამოშვებისა ჯობს, ახლები კი ლამაზებია, თითქოს, მარა მერე ხუნდებიან, მწვანე ჭაობისფერი გადაეკვრებათ ხოლმე. აი ნაღდი კი...ნაღდი - ოქროს თევზივით ბრწყინავს და ბრწყინავს. ოღონდ იცოდე, ყოველთვის არ ჩანან, მერე და მერეც დასამუხტი ვარსკლავებივით მარტო ღამ-ღამობით ციმციმებენ ხოლმე, ცეცხლის პირას, მდინარის პირას, დარდის დროს უფრო, მით უმეტეს თუ არავინ არის. ოღონდ იცოდე, სხვას ვერ აჩუქებ და რომც აჩუქო ვერ მოიხმარს, ვერ გაუნათებს. ბევრი ერთად თუ შეგხვდა და შემოგეყიდა, არ შეგეშინდეს, რომლებიც ნაღდია თავისით გამოირჩევა, თავისით შემოივლებენ ვერცხლისფერ არშიას, თავისით ჩამოეკიდებიან შენი ოთახის კედელზე ნახატებივით, თანაც სხვა ვერავინ დაინახავს, ვერც შენ დაინახავ ყოველთვის, მხოლოდ ღამ-ღამობით და ისიც ხანდახან, ვერცხლისფერ არშიიანებს, სიზმარეულებს, დროგამძლე წუთებს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი