ლიანდაგი


ეს ორი რელსი - ბავშვობის კვალი
რკინად ქცეული ორი თოკია.
და ზეცასავით სველი და მრგვალი,
მიყვება რელსებს შორს და შორს თვალი..
აღარ მოქრიან

მზე და მინდვრები...ამ ორი თოკით
ღრუბლის ქედებზე მიმთასვლელია.
მერე კი სადღაც გადავქრი. ზოგი
ხე მცნობს და თურმე ჩემთვის დაზოგილ
ჩრდილით მშველიან.

ვჯდები და ვნატრობ - ეგებ და ახლაც
შემომეხვიოს თოკი და ოპა! 
კავკასიონზე ზემოთ და მაღლა
ლესა - აზია, ჩიბათი - პრაღა
მთელი ევროპა.

მაგრამ რკინად და ჟანგად ქცეული
ჭრილობასავით მიწის დამსერი
წევს თოკი, შავი და ნამზეური.
მზერა, ვარსკვლავთა სხივს შერეული
გრძელი და სველი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი