ჯერ ისევ ბნელა


ცხელა. ბზარები დაეტყო ცის პირს,
ლურჯფერ-დაწყებულს, მოგანთიადოს.
(და მანქანების ნაადრევ პიპინს)
გინდება შუბლი ღრუბელს მიადო

(უსმენს ქალაქი, სიზმრად წასული)
სანამ მზე ღამეს შემოგათენებს. 
როდისღა უნდა გახდე ზრდასრული?
(უსმენს და იცის, ეს მერამდენედ

ასცდება ცხადი სიზმარს, პირიქით
სიზმარი ცხადს და რადგან არ ვცდილობთ)
უნდა იპოვო შენი ბილიკი.
(მაღლა, ცას ფიქრი რომ ავაწვდინოთ)

უნდა იპოვო. დღე იწყებს დილას
(ცხადში ბრუნდება ქალაქი ნელა)
ამ დღეს მაინც არ გავლევ ტყუილად.
(რადგან არ ვცდილობთ)ჯერ ისევ ბნელა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი