გზა


მთავრდება დღე და წყდება ხმაური.
წვიმა ცრის, მწუხრის ზარები რეკავს.
თურმე ცხოვრებას გვერდს ვერ აუვლი,
მეც, ალბათ როგორც ყველას და ყველგან

ძალიან ბევრი სურვილი მქონდა,
მაგრამ ბავშვობა უცებ გავიდა
და აღარც მახსოვდა წვიმდა თუ თოვდა,
როდის, ან როგორ, რომელ კარიდან.

უცებ იწყება თურმე ცხოვრება
და დაგერქმევა უეცრად დიდი.
და თითქმის აღარც გემახსოვრება
რასაც მანამდე სანუკვრად თვლიდი.

რასაც მანამდე შიშით უმზერდი,
ჩვეულებრივი გახდება უცებ.
გაზაფხულს, თბილი წვიმით და მზეთი
ბავშვობაში სულ სხვა გული უცემს.

ბავშვობაში სულ სხვა ხმებით მღერის,
ეს ნაზამთრალი, პატარა ჩიტი.
ქვრება ის თვალი, ხმება ის ხელი
ცას რომ აწვდენდი და ვარსკვლავთ თვლიდი.

მაგრამ უეცრად შეგხვდება გოგო
დაგედევნება ვარსკვლავთა ზვავი! 
და ვეღარ ხვდები საით ან როგორ,
ტკბილი ბურუსით დანანისლავი.

ვარსკვლავთა სხივის ჩამონაბერტყი,
გულში მოგარტყამს სიზმრების გუნდას.
მოგგვრის გაზაფხულს, კვირტებ-დახეთქილს
და ზამთრის ყინვებს შემოგაქურდავს.

მერე გზა, სწორი, თან ოკრობოკრო,
თან დღეგრძელი და თან წამიერი.
სანამ ყვავილი წლითი-წლად კოკრობს
მთა-ბერს ეცვლება ფერფურ-იერი.

ეცვლება და თან რჩება იგივე,
უცებ ერქმევა სახელი განვლილს.
მატარებელი სანამ იკივლებს,
გადასახდელი სანამ გაქვს ვალი,

სანამ მიწყდება დღეთა ხმაური,
დაიწრიტება წვიმები სანამ.
ღრუბლები, თეთრი და მოგზაური
მომავალ ცათა იმედად ჩანან.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი