წიქარა


ტყეს შეყინვია ნათრთვილარები,
ქარმაც საკბილო ნახა
და ცა ნამეხარ-ნამტირალევი
ფუცფუცით გადალახა,

გადალახა და მიეცივქარა,
ბალახ-ბუჩქნარს და ხეებს.
ბაბუ, შენ იყავ ჩემი წიქარა
ვეღარ გიკოცნი ხელებს.

ვუკრავ სალამურს საჭირვარამოს
მაგრამ ვეღარა გხედავ.
დანას ლესავენ და ჯერ მალავენ.
წინ სიმრავლეა ხევთა.

ბუზისოდენად მოჩანს ტკივილი,
რახან შენს მხრებზე ვდგავარ.
უკან მოგვსდევენ. შავი ტყე-ველი
და შორს, მინდორში ალვა. 

სამღერ-სალხინო სტვირ-სალამური
მაჩუქე, დამიტოვე. 
მოამზიანე ზამთარ-ზაფხული
და მერე დამითოვე. 

შენს მხრებზე მდგარი ცასაც ვწვდებოდი, 
ვარსკვლავებს ვწყვეტდი ყუნწით.
ხან ვარსკლავებსაც გადავცდებოდით
ახალ-ახალი ლურჯ ცით. 

უკან მოგვსდევენ, შორს ვართ მიზნამდე,
ჯერია სავარცხელის.
გადავაგდე და ამოიზარდა
ნავენახ-ნაფაცხევი.

ადრე როდესაც მემალებოდი,
მე გპოულობდი უცებ.
ღამე, კოცონი და მინდორ-კორდი
ცეცხლი მოტკაცატკუცე.

დაგეძებ ბაბუ, სად იმალები
გამო, გნებდები აჰა!
ტყეს შეყინვია ნათრთვილარები
ქარმაც საკბილო ნახა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი