ლურჯთვალებავ


ბაბუას

ლურჯვთვალებავ და ბრტყელქუდიანო
ლურჯ ცის ქვეშ ბურჯად მდგარო.

სახედაღლილო, ხელკოჟრიანო
და მზისგან მხრებ-დამწვარო.

ლურჯო ვარსკვლავო, ჩემ ცის შექმნამდე,
ნაკრთომო, გადამქრალო.

მლანძღველისთვისაც არას-შემკადრევ
დამთმობო, ნახათრალო.

ცივ წვიმა-ქარში ღამეც მშრომელო, 
თავზე ცა-ნაელვარო.

წუთში გავლილო წუთისფელო,
შენ, შვილებ-ნაობლარო.

ლიანდაგების გზად დამგებელო, 
სისხამზე წამომდგარო.

გრძელი ველებიც კი არ გებევრა
ახლა ერთ ფოტოს კმარობ.

ხელგამოსულო, გამომჩარხველო
სიტყვა-ბრძენო და მყარო.

ჩემ-უნახავო, შენ-უნახავი
შენი ნაშრომით ვხარობ.

ან ერთი ლექსით როგორ დაგხატო?
ანდაც როგორ გაკმარო?

ან ეგ ჩექმები როგორ გაგხადო
და ან სად შემოვყარო?

ეზოვ, ბაბუის დანაჩრდილარო
სხვენში ნაბერო ქარო,

სახლო, ათასჯერ დანაწვიმარო
და მაინც მაგრად მდგარო.

შენ ლურჯთვალებავ, ბრტყელქუდიანო,
ბურჯო და ამაგდარო.

სახედაღლილო, ხელკოჟრიანო
და მზისგან მხრებ-დამწვარო.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი